ზაზა გაბუნია - პრემიერის წარმატებული ვიზიტის გადაფარვა არ გამოვა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას შეფასებით, კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, მიუხედავად ბანაკურ-პარტიული კუთვნილებისა, უბრალოდ ადგებოდა და მიულოცავდა პრემიერს ამ წარმატებულ ვიზიტს, რადგან მამუკა ბახტაძე ჩვენი მთავარი პარტნიორის დედაქალაქში წარმოადგენს სახელმწიფოს და მის ინტერესებს და ამ თვალსაზრისით ვიზიტის ფარგლებში ვხედავთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას.

როგორც გაბუნია აცხადებს, ეს არის ტესტი პოლიტიკოსებისთვის, რადგან თუ არის მცდელობა ამ ვიზიტის დაკნინების, გამოდის რომ ეს არის იმ დადებითი შედეგების დაკნინების მცდელობაც რაც ქვეყანამ მიიღო.

„სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ "საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას" და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მაიკ პომპეომ ხაზგასმით დაუჭირა მხარი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას, აგრეთვე საპარლამენტო კონტროლის მოდელს, რომელიც წარმატებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ მოგვცა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელსაც აქვს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი მხარდაჭერა“, - აცხადებს გაბუნია.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.