აშშ-ს ყოფილი ელჩი - ვიმედოვნებ, Fao-ს გენერალური დირექტორის არჩევნებში დავით კირვალიძე გაიმარჯვებს

მხარს ვუჭერ დავით კირვალიძის კანდიდატურას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კენეტ იალოვიცმა განაცხადა.

ყოფილი ელჩი დავით კირვალიძის შესახებ ვრცელ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ კირვალიძის მაღალკვალიფიციური, პატიოსანი და მიზანდასახული კადრია, რომელსაც სჯერა, Fao-ს აქვს პოტენციალი დაამარცხოს შიმშილი და სიღარიბე მსოფლიოში.

„1998-2001 წლებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ვიყავი დანიშნული. აღნიშნული წლები საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ რთულ პერიოდს წარმოადგენდა. სეპარატისტული ბრძოლებისა და სამოქალაქო ომის პირობებში, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება ცდილობდა მშვიდობის დამყარებასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ზემოთ აღნიშნულის განხორციელება და დიდი როლი ითამაშა საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით.

2000 წელს, ზაფხულში საქართველოში ძლიერი გვალვა იყო. საბედნიეროდ, 2000 წელს დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე იყო დანიშნული, მან შეძლო საკვების უკმარისობასთან, სარგავი და სათესლე მარაგის ამოწურვასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევა, რომელიც მზარდ საშიშროებას უქმნიდა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება გაუწია, მათ შორის გვალვის საფრთხის დაძლევის კუთხით. მე რამდენიმეჯერ შევხვდი მინისტრს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის წინაშე არსებული პრობლემები განვიხილეთ და გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. დავით კირვალიძე გახლავთ საოცრად განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე, ფართო ხედვის, ძლიერი ნებისყოფის, დარგის განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული პიროვნება, რომელიც უშიშრად უმკლავდება სირთულეებს და მზადაა გამოწვევის მისაღებად.

მაშინ, როდესაც საქართველოში აშკარა იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, დავითი თავისი გამოცდილებით და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. მე თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ მოახდინა სახელმწიფო მასშტაბით საჭირო რესურსების მობილიზება და კრიზის მართვის პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართვა. მისი ორგანიზებით, გვალვით დაზარალებულ რეგიონებში დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტები მოეწყო, რამაც კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უზრუნველყო. დავით კირვალიძის უნარს, სწორად ემართა კრიზისული სიტუაცია აფასებდა პრეზიდენტი შევარდნაძეც.

საქართველოდან წასვლის შემდეგ, დავით კირვალიძესთან კონტაქტი არ გამიწყვიტავს. ჩემთვის ცნობილია, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ასპარეზზე, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი მისი წვლილის შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ის მაღალკვალიფიციური, პატიოსანი და მიზანდასახული კადრია, რომელსაც სჯერა, Fao-ს აქვს პოტენციალი დაამარცხოს შიმშილი და სიღარიბე მსოფლიოში. დავითს აქვს უნარი, საკუთარი ხედვები პრაქტიკაში წარმატებით დანერგოს. ვიმედოვნებ Fao-ს გენერალური დირექტორის არჩევნებში დავით კირვალიძის კანდიდატურა გაიმარჯვებს“,- განაცხადა იალოვიცმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო