დავით საგანელიძე - საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის გზა ორმილიარდნახევრიანი ბაზრისკენ

„საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის გზა ორმილიარდნახევრიანი ბაზრისკენ,“ – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ შანსის პროვინციის ბიზნეს დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ბიზნეს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტთან და ფონდის შვილობილ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრა გამართა.

მათი ინფორმაციით, დელეგაციას სიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტი ლუნ სიაოხუა ხელმძღვანელობს, რომლის შემაგენლობაში სიანის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიან. მათ ინტერესთა სფეროს საინვესტიციო პროექტები, ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტი, მაღალტექნოლოგიური წარმოება, სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა წარმოადგენს.

„საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის გზა ორმილიარდნახევრიანი ბაზრისკენ. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ჩვენს ქვეყანას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს და ნებისმიერ ინვესტორს საუკეთესო ბიზნეს პლატფორმას სთავაზობს პროდუქციის წარმოებისა და საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციისთვის.

მისასალმებელია, რომ ჩინელი ბიზნესმენები დიდ ინტერესს გამოხატავენ საქართველოში ინვესტირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების მიმართ. ბოლო პერიოდში მკვეთრად იზრდება ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან ერთად ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს საქართველოს ფუნქციას პროექტში „ერთი სარტყელი, ერთი გზა,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შანსის პროვინციის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანიების საქმიანობასაც გაეცნო. შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარდგნენ „სტარტაპ საქართველოს“, „დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“, „ლიკანი რეზიდენსის“ და „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელები. შეხვედრის ფარგლებში, „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტების ექსპოზიცია მოეწყო.

„როდესაც საქართველოში შემოდიხარ, სარგებლობ არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ რეგიონისა და ევროპის ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობით. ასევე, იმ ბენეფიტებით, რომლებიც საქართველოს ბიზნესის კეთების კუთხით აქვს და იმ უპირატესობებითაც, რომლებიც ამ ქვეყანას მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან გააჩნია. თავისუფალი ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმები და მოქნილი საგადასახადო სისტემა ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის,“ - განაცხადა სიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს პრეზიდენტმა ლუნ სიაოხუამ.

შეხვედრის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და სიანის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა