ეკა ბესელია - პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია

პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

როგორც ბესელიამ განმარტა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელს არ აწერს არც ერთ გადაწყვეტილებას, რომ ის და ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრონ.

“ის, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან დაკავშირებით მოხდა, მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობის შეცვლა იანვრის ჩათვლით არ შეიძლებოდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა წერილიც კი გამოაგზავნა, სადაც ნათლად ახსნა, რომ არ შეიძლება დელეგაციის წევრებს პრობლემა შეუქმნა და საქართველოს მხარემ ეს ვალდებულება უნდა დაიცვას. ამის შემდეგ, არც მე და არც ზვიად კვაჭანტირაძეს არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ სხდომებს დავესწროთ, პარლამენტის თავმჯდომარე არც ერთ გადაწყვეტილებაზე ხელს არ აწერს. ასეთ შემთხვევაში, როგორია თქვენი პოზიცია, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის?“, - მიმართა კითხვით ბესელიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო ქაცარავას.

თავის მხრივ, ქაცარავამ ბესელიას საპასუხოდ განაცხადა, რომ დელეგაციის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთი კვირა იდებატეს და დამატებით საუბრის საჭიროებას ვეღარ ხედავდა, რასაც ბესელია კრიტიკით გამოეხმაურა.

“თქვენ კი აარიდეთ თავი, რომ პასუხი გაგეცათ, მაგრამ არ ვაპირებ ეს თემა მივაჩუმათო. ეს ეხება ქვეყნის და პარლამენტის პრესტიჟს. ვხედავ, ოპოზიციასთან როგორ ურთიერთობს უმრავლესობა და მსგავსი პრობლემები მათაც კი არ შექმნიათ. ეს პერსონალური ანგარიშსწორებები პარლამენტის სირცხვილია! თქვენი კომიტეტი ამას ყურადღებას უნდა აქცევდეს, ელემენტარული წესების დაცვისკენ მოგიწოდებთ. ასე არ მოქცეულა პარლამენტი არასოდეს, არავის მიმართ. “პასუხს არ გავცემ ამას და საჭიროდ არ მიმაჩნია“ - უკაცრავად, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარე ანგარიშით რომ გამოდის, აქ თავის მოსაწონებლად კი არ უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთს ვეკეკლუცოთ, ელემენტარულ საკითხებზე პრინციპული პოზიციის გამოხატვა უნდა. პარლამენტში მოსვლა არ არის მარტო თანამდებობაზე ყოფნა, რაღაცეებს პატივი უნდა ვცეთ. ამიტომაც გეუბნებით საჯაროდ - მე დავამთავრე ჩურჩულით და ხათრით ლაპარაკის ეტაპი, უხერხულია პარლამენტისთვის, როდესაც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წერილს გიგზავნის და დამარცვლით გეუბნება, ვალდებული ხარ დელეგაციის წევრებს მისცე შესაძლებლობა სხდომაზე დასწრების. ხვალ სხდომაა და მე იმიტომ ვერ მივდივარ, რომ ირაკლი კობახიძეს წერილზე პასუხის გაცემის გამბედაობა არ ჰყოფნის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია ასეთ საკითხებზე. ამიტომ კეკლუცობა კი არ გვინდა, პრინციპულობაა საჭირო“, - მიმართა ეკა ბესელიასოფო ქაცარავას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაც დაატოვებინეს. ამის მიზეზად “ქართულმა ოცნებამ“ ის გარემოება დაასახელა, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში “ქართული ოცნების“ კვოტით იყვნენ წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო