გამომცემლობა "პალიტრა L" კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" ფინალისტებს შეხვდა

გამომცემლობა „პალიტრა L“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ფინალისტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კონკურსანტებმა საკუთარი თავი და ნაწარმოები წარმოადგინეს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფინალისტები:

ხალხის რჩეულები: თამარ გოდერიძე, ნინო გელოვანი, ლუკა ხატიაშვილი, ნანი მანველიშვილი, თეო ჯამასპიშვილი, თინიკო ბერიძე, ლევან რამაზაშვილი, მარიამ ელიაშვილი, მაია ლომაშვილი, ანა მაწკეპლაძე;

ჟიურის რჩეულები: არჩილ ფირიაშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, ნიკოლას მაჩაბელი, ნინო ამირეჯიბი, ფიქრია ყუშიტაშვილი, თინა თაყაძე, გვანცა ხაბელაშვილი, უჩა მაზმიშვილი, ნიკოლოზ არჩვაძე და თინიკო ბერიძე.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა განაცხადა, რომ შეხვედრა როგორც გამომცემლობისთვის, ასევე, კონკურსისს მონაწილეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ დღეებში დასრულდა გამომცემლობა „პალიტრა L”-ის მიერ გამოცხადებული და დაარსებული ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ პირველი ტური. ჟიურიმ და მეორე მხრივ, მკითხველმა უკვე გამოავლინა 20 ავტორი, რომლებმაც გადალახეს პირველი ტური და გავიდნენ ფინალში. 20 ფინალისტი დღეს ჩვენთან შეხვედრაზე მოვიწვიეთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავიცნოთ ისინი, მათაც გაგვიცნონ და ნახონ, თუ სად, რა ვითარებაში ხდება და იგეგმება კონკურსი, ამასთანავე, უშუალოდ ჩვენგან გაიგონ, თუ რა მიზნები აქვს მას; მეორე მხრივ, ისინი მოვიწვიეთ, რათა შევხედოთ ჩვენს პოტენციურ გამარჯვებულებს, იმ ადამიანებს, რომელთაგანაც 5 აუცილებლად გაიმარჯვებს და რომელთა წიგნებსაც გამოვცემთ. დღეს ჩვენს პოტენციურ ავტორებს ვხვდებით. ეს ძალიან საინტერესო და საჭირო შეხვედრა იყო, მათთვისაც უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან მათ კიდევ ერთხელ და დეტალურად ვუხსნით იმ ამოცანებს და შესაძლებლობებს, რაც მათთვის იქმნება“, - განაცხადა ალუდაურმა.

ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა კონკურსისა და საკუთარი წიგნის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თავისი ნაწარმოები სწორედ კონკურსისთვის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ დაწერა.

„მე ძალიან მიყვარს კონკურსები, რადგან საოცრად აზარტული ადამიანი ვარ. რაც შეეხება ლიტერატურულ კონკურსს, აქაც გარკვეული გამოცდილება მაქვს. როდესაც ეს ახალი კონკურსი, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ დაიბადა, შარშან, ჩემი განაცხადი გავაგზავნე, თუმცა ვადები ამერია და დამაგვიანდა. რეალურად, იყო იმის ცდუნება, შემდეგ წელს არ დავლოდებოდი და ჩემს ნაწარმოებს დღის სინათლე მანამდე ენახა, მაგრამ რადგან ის ამ კონკურსისთვის დაიბადა, შევეცადე, მოთმინებით აღვჭურვილიყავი, სულსწრაფობა არ გამომეჩინა და შემდეგ წელს დავლოდებოდი. ეს გახლავთ ურბანული რომანი, „პერფექციონისტის ჩანაწერები“, რომლის მთავარი პერსონაჟიც ახალგაზრდა მამაკაცია. მთავარი მესიჯი, რომელიც ნაწარმოებს გასდევს და ასევე, თავად მთავარი გმირის ძალიან კარგი მახასიათებელია, გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში დაიკარგა ეს ფუნდამენტური თვისება - პერფექციონიზმი, ანუ ის, რომ როდესაც რაღაცას ქმნი და აკეთებ, აკეთო ბოლომდე, გულით, მთელი შენი არსებით და ეს საქმე შენს მთელ ცხოვრებად აქციო. ვთვლი, რომ „პერფექციონიზმი არის ის მყარი ვალუტა, რომელიც ყოველ დროში იყო, არის და იქნება“, - ეს არის ციტატა ჩემი ნაწარმოებიდან და ეს არის ის, ასე ვთქვათ, პანაცეა, რომელიც დღეს ძალიან აკლია ჩვენს საზოგადოებას და რომელმაც შეიძლება, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა გადაარჩინოს“, - განაცხადა ყუშიტაშვილმა.

7 ივნისს, 00:00 საათზე, პირველი ტურის ფარგლებში, სახალხო და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ხმის მიცემა შეწყდა. 20 ფინალისტიდან 10 მათგანი ხალხის რჩეულია, ხოლო 10 - ხუთმა კომპეტენტურმა, კონფიდენციალურმა ჟიურის წევრმა გამოავლინა.

ფინალში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა თავიდან დაიწყება, 25 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

10 ივლისს გამოცხადდება მაქსიმუმ 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, 2 კი − ჟიურის.