საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცრისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობებზე ვაკანსიები გამოაცხადა

საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცრისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობებზე ვაკანსიები გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საინვესტიციო პროცესის დაწყებამდე ამ ორ პოზიციაზე მაღალ კვალიფიციურ კადრებს შეარჩევენ. ამ დროისათვის, ვაკანსიები მხოლოდ საქართველოშია გამოცხადებული, თუმცა იგეგმება მათი უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნება.

„იმისთვის, რომ დაიწყოს საინვესტიციო პროცესი მარტო საბჭო არ კმარა. არც საინვესტიციო საბჭოს პოლიტიკის დოკუმენტი იქნება საკმარისი, დიახ, დოკუმენტში იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ინვესტირება, მაგრამ ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს - ეს კი იქნება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, რომელსაც ახლა ვეძებთ. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია რისკის კონტროლის სტრუქტურის არსებობა“, - განაცხადა სურგულაძემ.

პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი. უცხოელებისა და ერთი ქართველისგან დაკომპლექტებული საბჭო უახლოეს მომავალში შეიკრიბება და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, სადაც გაწერილი იქნება, როგორ უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელება.