ზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრას გამართავს. როგორც ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნუსს“ განუცხადა, შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობები იქნება.

„ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემატიკა - ამ დღის წესრიგის ფარგლებში გვექნება საუბარი. გარკვეულ მიმოხილვას განვახორცილებთ იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა, რა საკითხებია და პრობლემები მოსაგვარებელი კონკრეტული მიმართულებებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი კომპანიების ინტერესები, იქნება ეს საჰაერო გადაზიდვები, საავტომობილო, სატვირთო გადაზიდვები თუ სხვა. რაღაც განსაკუთრებული გამორჩეული პრობლემა ხვალ არ იქნება განსახილველად წარმოდგენილი“, - განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, აბაშიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს იგი კარასინთან ყველა შეხვედრის დასაწყისში ეხება.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული და უფრო მეტად ჟენევის თემატიკაა, მე ყოველთვის პირადი ინიციატივით საუბრის დასაწყისში ვეხები საკითხებს, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზთან, ადამიანის უფლებების დარღვევის, მილიტარიზაციის, რეგიონში საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სუვერენტიტეტის პრინციპების უგულებელყოფას“- განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება საკითხს, ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთ შორის მაღალი დონეზე პოლიტიკოსების შეხვედრა, აბაშიძე პასუხობს, რომ არა.

„დღის წესრიგში არ დგას დიპლომატიური ურთიერთობების საკითხის განხილვა, სანამ დარღვეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება მაღალ დონეზე შეხვედრებს, რაიმე მზადება ან საუბარი ამ თემაზე სამუშაო რეჟიმში არ მიმდინარეობს“, - დასძინა აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა