ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იქმნება

ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მექანიზმების შემუშავებაზე,- ამის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული.

განმარტებით ბარათის მიხედვით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნის რეკომენდაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივი (ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის - FSAP) მისიის ფარგლებში გასცეს.

კანონპროექტი განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობას. კერძოდ, მის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თუმცა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლოა, სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც შევიდნენ.

კანონპროექტით განსაზღვრულია კომიტეტთან დაკავშირებული პროცედურული საკითხებიც, კერძოდ, კომიტეტის მიერ სხდომის გამართვის პერიოდულობა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

კანონპროექტის თანახმად, კომიტეტის წევრები მაქსიმალურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, მათ კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო , მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია.

ამასთან, კომიტეტი ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად, ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს.

ცნობისთის, პარლამენტში უკვე შევიდა საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომლის ავტორები საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არიან.