ბანკების გადახდისუუნარობის შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია უკვე ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის შემთხვევაში გამოიყენებს.

პარლამენტში უკვე შევიდა ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღების აუცილებლობა დღის წესრიგში 2007-2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზის პერიოდში გამოვლენილი სისუსტეების შემდეგ დადგა.

რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩო გულისხმობს კომერციული ბანკის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ ადრეული რეაგირების შესაძლებლობას, ხოლო რეაგირების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, როდესაც დგება კომერციული ბანკისთვის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის რესტრუქტურიზაციას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ფინანსური სტაბილურობა და ბანკის კრიტიკული ფუნქციები, სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით. ამასთან, თავის მხრივ რეზოლუციის მიზანია, ფინანსური სექტორის მონაწილეებზე ფინანსური პრობლემების გავრცელების რისკების შემცირება და დეპოზიტართა/კლიენტთა დაცვა.

„კანონპროექტის მიზანია კომერციული ბანკების ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაცია და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა თავდაპირველად კომერციული ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმით (გაჯანსაღების გეგმა), ხოლო აღნიშნულის წარუმატებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმით (რეზოლუციის გეგმა) ან ეროვნული ბანკის სხვა სარეზოლუციო უფლებამოსილების განხორციელების (რეზოლუცია) გზით. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური სირთულეების დროს, პრობლემური კომერციული ბანკის ლიკვიდაცია გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს ფინანსურ სექტორზე, მოხდეს ალტერნატიული გზის - რეზოლუციის - გამოყენება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ჩარჩოს ფარგლებში ეროვნული ბანკი რეზოლუციას შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენებით განახორციელებს: კომერციული ბანკის შერწყმა, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება ან დროებითი ბანკისთვის გადაცემა, კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების ან ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით.

ამასთან, აღნიშნული ჩარჩო გაწერს ბანკის რეზოლუციის პროცესში ფინანსთა სამინისტროს ჩართულობასაც. მაგალითად, როდესაც რეზოლუციის დაფინანსებისათვის ფინანსური სახსრებია საჭირო, რომელთა სხვა წყარო არ არსებობს ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა დროებით დააფინანსოს რეზოლუცია დროებითი ბანკის დაფუძნების, რეზოლუციის პროცესში მყოფი ბანკის წილის შეძენის, კომერციული ბანკისთვის სესხის ან გარანტიის გაცემის და სხვა ფორმით.

ფინანსთა სამინისტრო ჩართული იქნება კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებისა და კრიზისის მართვის ეტაპზე. კერძოდ, ცვლილებები ითვალისწინებს კრიზისის მართვის კომიტეტის შექმნას პრე-კრიზისული და კრიზისული მექანიზმების შემუშავებისათვის, რომელშიც ეროვნულ ბანკთან ერთად, ფინანსთა სამინისტროც მონაწილეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს