20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტში 250 000-მდე ხელმოწერა შეიტანეს

შემოდგომისთვის გვეცოდინება, "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე პოლიტიკური შესუნთქვები ელოდება თუ უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც, - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტში მოქალაქეთა ხელმოწერები შეიტანა. კაციტაძემ აღნიშნა, რომ მოთხოვნილზე მეტი რაოდენობის ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა მიზანი კვლავ არის მილიონი ხელმოწერის შეგროვება.

"არცერთი ხელისუფლების პირობებში ეს არ კეთდებოდა და არც ამ ხელისუფლების პირობებში გამოვა, თუ ამას არ ექნა კონსოლიდირებული ძალისხმევა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სექტორის მხრიდან, აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია, შედეგი არ დადგება. მე და ყველა საინიციატივო ჯგუფი, ოცივე პარტია ვიმედოვნებთ, ეს ძალისხმება გაათკეცდება და ხელისუფლება იძულებული გახდება, გაიზიაროს პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. დღეს შეგვაქვს აუცილებელი რაოდენობა და უფრო მეტიც, 200 000-ის მაგივრად 250 000-მდე ხელმოწერა შედის პარლამენტში. მაგრამ კამპანია გრძელდება - მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის", - აღნიშნა კაციტაძემ.

მანვე ისაუბრა ხელმოწერების შეტანის შემდგომ პროცესზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლის ვადაში შესაძლებელია.

"10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობას პარლამენტი იხილავს, შემდეგ უკვე სესიაზე საერთო საჯარო განხილვის სპეციალური კომისია იქნება, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით და ამ ერთი თვის განმავლობაში "ქართულ ოცნებასთან" ერთად ძალიან აქტიურად ვიმოძრავებთ საქართველოში. შემდეგ პროცესი გადავა პარლამენტში, ჯერ კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და ალბათ, დაახლოებით შემოდგომისთვის გვეცოდინება, თუ რა ელოდება "ქართულ ოცნებას" - არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც. ხოლო ვისაც ეს დროში ვერ აქვს დანახული, შემიძლია, კონსულტაცია უფასოდ გავუწიო, როგორ უნდა ჩაეტიოს ეს ყველაფერი დროში და არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიცვალოს საარჩევნო გარემო. მართალია, იშვიათად, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ხანდახან ახასიათებს გონივრული გამონათებები და ველოდები ამ იშვიათ გამონათებას ისევ მათთვის, სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის. ვიცი, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დაიწყო გარკვეული ფორმატი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ოღონდ ეს არ ეხება საარჩევნო სისტემას, თუმცა საინტერესოა, რას გვთავაზობს "ოცნება" და პირადად კობახიძე", - განაცხადა კაციტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა