ლევან დავითაშვილი მიწის რეგისტრაციის რეფორმაზე - რეფორმა ძალიან წარმატებულია, წარმატებული რომ არ ყოფილიყო, არ გავაგრძელებდით

მიწის რეგისტრაციის რეფორმა ძალიან წარმატებულია, წარმატებული რომ არ ყოფილიყო, ჩვენ არ გავაგრძელებდით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიწების სისტემური და სპორადული წესით რეგისტრაციის პროცესის 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ის ფაქტი, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის დასრულება რამდენჯერმე გადავადდა, რეფორმის წარუმატებლობას არ ნიშნავს და რეფორმის დასრულების გადავადების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მიწის რეგისტრაციაზე არსებული მოთხოვნაა.

„მთავრობამ ამაზე იმსჯელა და ცალსახად შევაფასეთ, რომ ეს არის ძალიან წარმატებული ნაბიჯი, ესაა სპორადული რეგისტრაცია, როდესაც ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, რომ გამარტივებული წესით დაარეგისტრირონ თავისი მიწის ნაკვეთები. ვხედავთ, რომ მოთხოვნა ამაზე არის, ამიტომ მივეცით საშუალება და გავუგრძელეთ რეგისტრაციის პერიოდი ფერმერებს, თუმცა ეს არაა საკმარისი პირობა იმისთვის, რომ რეგისტრაციის საკითხი ამოვწუროთ და ამავე დროს მიწის რეფორმა საქართველოში დასრულდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 90-იან წლებში მიწის განაწილების შედეგად ქვეყანაში რთული მდგომარეობა შეიქმნა. ამასთან, დღესდღეობით სახელმწიფოს აქვს გეგმები ვითარების გამოსასწორებლად, რომლის ერთი ნაწილია მიწის რეგისტრაციის რეფორმა.

„სამწუხაროდ, ძალიან რთული მოცემულობა გვაქვს, იმიტომ, რომ წინა წლებში განხორციელებული მიწის რეფორმა დარწმუნოებული ვარ ადეკვატური არ იყო, 90-იან წლებში მივიღეთ მიწის განაწილება, რომელმაც საკმაოდ რთული ვითარება შეგვიქმნა ამიტომ დღეს ეს ყველაფერი არის გამოსასწრორებელი. ერთ დღეში ვერ მოგვარდება, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით ვფიქრობთ დიდი გაუმჯობესება გვექნება როგორც მიწის პრივატიზების, ისე რეგისტრაციის დასრულების კუთხით. სახელმწიფოს აქვს გეგმები, რომლის ერთი კომპონენტი არის მიწების სპორადული რეგისტრაცია,“-აცხადებს ლევან დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა, 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და 2018 წლის 1 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რეფორმის დასრულების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. თავდაპირველად, მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, შემდეგ, 1-ელ ივლისამდე, უახლესი გადაწყვეტილებით კი, პროექტი, რომლის მიხედვით, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება, პარლამენტმა 97 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს