ალექსანდრე ბარამიძე - საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს

საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს - ხელისუფლებას ამ სიჯიუტეს აუცილებლად შევაცვლევინებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძემ ისაუბრა საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებითაც სასურველია.

"ჩვენ, 250 000-მდე ხელმოწერა გვაქვს შეგროვებული, თუმცა ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ვაპირებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებს, ელჩებს შევხვდეთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიცია. ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა იზიარებს იმ აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე 2020 წელს არჩევნების ჩატარება პროპორციული წესით უნდა მოხდეს. მაგალითად, როგორც ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში უკანასკნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სამჯერ აღნიშნა, დასანანია, რომ უკვე 2020 წლის არჩევნები არ ტარდება პროპორციული წესით. ჩვენ აუცილებლად შევაცვლევინებთ ხელისუფლებას ამ თავის სიჯიუტეს. ის აზრი, რომ თითქოს პროცედურულად ვერ მოხერხდება 2020 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციური ცვლილებების შეტანა, უკიდურესად არასწორია, ვინაიდან არჩევნებამდე დარჩენილია წელიწადი და 4 თვე და სურვილის შემთხვევაში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სავსებით შესაძლებელია", - აღნიშნა ბარამიძემ.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით პარლამენტში 250 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა