მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი რეგულაციები დგინდება

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისათვის დაეკისრება - ესე იგი მხოლოდ მაშინ, თუ მას ობიექტურად შეეძლო და არ განუხორციელებია სათანადო ქმედება დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად.

ამას მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე დისციპლინურ წარმოებას ეხება.

პროექტის მიხედვით, მოსამართლის განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა საკუთარი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას.

გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა თავისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის.

პროექტის გათვალისწინებით, კანონის არასწორი განმარტება ან გამოყენება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

ასევე, კანონპროექტში წერია, რომ დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა:

- ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ: - სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით; სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

- ქმედებები, რომლებიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ: - მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება; მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგების წინასწარ გამჟღავნება, გარდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა; ამ კანონის 72/1 მუხლის პირველი პუნქტის ან 72/2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა; საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა სახეზეა საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი; გაწევრიანება პოლიტიკურ გაერთიანებაში, პოლიტიკური საქმიანობა, საარჩევნო სუბიექტის საჯარო მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა.

- ქმედებები, რომლებიც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ: კორუფციული სამართალდარღვევები ანუ “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევები; დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა.

- ქმედებები, რომლებიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ: მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ; მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება; სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება.

- ქმედებები, რომლებიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ: სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას სიტყვიერი ან სხვა ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ საფუძვლით; სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერი ან სხვა ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია.

- ქმედებები, რომლებიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ: საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითი დარღვევა. დარღვევა არ ჩაითვლება არასაპატიოდ, თუ მოსამართლემ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვ.) გამო ვერ შეძლო მითითებული ვადის დაცვა; სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემლობის გამოხატვა; სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების – სასამართლოს, კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

- სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის სტატუსს: მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედებები (ქცევები), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომლებიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას.

კანონპროექტის გათვალისწინებით, მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან ამ გადაცდომაზე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე გასულია 3 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან – 1 წელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო