„ჰუალინგ ჯგუფის“ დირექტორი „ტექნიკურ პრობლემას“ უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა

ესაა ტექნიკური პრობლემა, რომელიც უბრალოდ თავიდანვე გათვლილი არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ჰუალინგ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გელენიძემ „ჰუალინგ ჯგუფისთვის“ საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც „ჰუალინგის“ დირექტორი განმარტავს, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს დროულად აშენება კომპანიამ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო, რომელიც თავდაპირველად გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, მისი თქმით, განხილვა იყო იმასთან დაკავშირებითაც, დარჩეს არსებული შენობა, თუ მისი დანგრევა მომხდარიყო, თუმცა საბოლოოდ შენობის დატოვების შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა კომპანიას პრობლემა მერიასთან სამშენებლო ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ამ საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ.

„ამ კუთხით ნუ შევხედავთ, მერიასთან არის თუ არა პრობლემა. ესაა ტექნიკური პრობლემა, რომელიც უბრალოდ თავიდანვე გათვლილი არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, როგორც ესკიზზე, ასევე მის ვიზუალზე. აქ საუბარი იყო ამ შენობის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნებს ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რადგან ამ შენობას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ყოველივე ამან ობიექტური და სუბიექტური პირობებიდან გამომდინარე პროექტის მსვლელობა უკან ჩამოწია,“ - აცხადებს ნიკოლოზ გელენიძე.

მისივე თქმით, დღეს კომპანიას პროექტი პრაქტიკულად, მზად აქვს და საზოგადოებას დამატრებით დეტალებს უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„ ჩვენ დღეს ვიმყოფებით ასეთ მდგომარეობაში, როდესაც პროექტი პრაქტიკულად მზადაა, კონსტრუქციული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად მზადა, უკვე ხდება მისი შეჯერება. საუბარია ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა დენდროლოგიური პროექტი, 41 დადგენილებასთან თანხვედრა, რომელიც ცოტა პრობლემურია, რადგან ეს დადგენილება იმ დროს გამოვიდა, როდესაც ჩვენ უკვე ნამუშევარი გვქონდა პროექტზე, ამიტომ ახლა პროექტის დიდი ნაწილის გადაკეთება გვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სიტუაციას ჩამოვრჩით, აუცილებლად დავეწევით და აუცილებლად თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს შენობას გავაკეთებთ,“ - აცხადებს „ჰუალინგის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9 მილიონ 450 ათას აშშ დოლარად გაიყიდა.

„ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, მშენებლობის ვალდებულება კი 2019 წლის 21 აპრილამდე ჰქონდა, თუმცა კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და ამიტომ 21 აპრილის შემდეგ ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჰუალინგ ჯგუფზე“ დაკისრებული ჯარიმა 27 000 ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა