ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინის განცხადებაზე - მსოფლიოში  ყველაზე დიდი სახელმწიფო  მილიონიანი არმიით და ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გააკეთა.

აბაძიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია მეზობელ სახელმწიფოს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„როცა მესმის ხოლმე, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მუქარისშემცველი განცხადებები, სიმართლე გითხრათ, ხანდახან, რაღაც უხერხულობა მეუფლება. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს . თუ ეს რაღაც სიძლიერის დემონსტრირებაა, ვფიქრობ, საპირისპირო შედეგს აღწევს. ზოგადად, ვიმეორებ, ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - განაცხადა აბაშიძემ „იმედთან“ საუბრის დროს.

გრიგორი კარასინის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ღიად განაცხადა, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება და ეს დამღუპველად იმოქმედებს ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე.

შეგახსენებთ, 13 ივნისს, პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გროგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.