სტრასბურგის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოში 2017-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა 13 პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წელს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი იყო 99 საჩივარი.

„სტატისტიკა რასაც აჩვენებს, არის საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია. 2011 წელს წარდგენილი იყო 395 საჩივარი. 2012-ში - 367, 2018 წელს ჩვენ გვაქვს მხოლოდ 99 საჩივარი. ეს სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ უმჯობესდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა საქართველოში და ადასტურებს ასევე იმასაც, რომ უფრო გაიზარდა ადამიანების ნდობა ადგილობრივ ინსტიტუტებში, რადგან მათ ნაკლებად უწევთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენა.

რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, იმ საქმეებში, სადაც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ხელახალი გამოძიება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინების საფუძველზე, 2017-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 12 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ეროვნული სასამართლოების მიერ. მიმდინარეა საქმეები 3 პირის მიმართ“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, ლორთქიფანიძის განცხადებით, პროკურატურა აგრძელებს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას, რომელზეც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით/გაჩინებით უნდა უზრუნველყოს გამოძიება.

„წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტები დღეს აღარ არის სისტემური პრობლემა, სისტემისთვის დამახასიათებელი. აღნიშნული მკაფიოდ დადასტურდა გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდესის ანგარიშში. ასევე ხაზგასასმელია, რომ სახალხო დამცველის 2018 წლის ივნისში გაკეთებული განცხადების თანახმად, პენიტენციურ სისტემაში ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, 2016-2018 წლებში, დისკრიმინაციის მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნა 239 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ამ კატეგორიის საქმეებზე, 2018 წელს სულ 81 განაჩენი გამოვიდა, საიდანაც გამამტყუნებელი - 88%, ხოლო გამამართლებელი 12% იყო.

„დისკრიმინაციის საქმეები აღსასრულებლად მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენს. რელიგიური, იეჰოვას მოწმეთა 1999-2000 წლების ინციდენტები და სექსუალური უმცირესობების, „იდენტობის“ 2017 წლის 17 მაისის საქმის აღსრულების ფარგლებში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სულ 239 პირის მიმართ. 2016 წელს - 44, 2017 წელს - 44, ხოლო 2018 წელს - 151 პირის მიმართ.

რაც შეეხება განაჩენთა რაოდენობას ამ კატეგორიის საქმეებზე, 2018 წელს სულ გამოვიდა 81 განაჩენი, საიდანაც გამამტყუნებელი იყო 88%, ხოლო გამამართლებელი 12%. 2018 წლის განაჩენებიდან სსკ-ს 53-ე პრიმა მუხლის სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები გამოყენებულ იქნა საქმეთა 35%-ში“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო