იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დადგენილი მოთხოვნები იცვლება და  სტიპენდიის ოდენობა იზრდება

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის დადგენილი მოთხოვნები იცვლება.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან არ არის გასული 10 წელი.

პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტიპენდიის ოდენობა. “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, იუსტიციის მსმენელი სასწავლო კურსის გავლისას იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/4-ზე ნაკლები. პარლამენტში წარმდგენილი ცვლილებებით კი, სტიპენდიის ოდენობა არ შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მინიმალური ხელფასის 1/3-ზე ნაკლები.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის პროფესიული მომზადების, თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, იზრდება სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა. ”იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ მოქმედი კანონით, სწვალების ხანგრძლივობა 10 თვეს შეადგენს. პროექტის თანახმად კი, აღნიშნული 10-თვიანი პერიოდი 16 თვემდე ხანგრძლივდება.

გარდა ამისა, “საერთო სასამართლეობის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება, რომ იუსტიციის მსმენელი სტაჟირებას გადის საერთო სასამართლოებში, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოში, ადვოკატურაში, ნოტარიატში, პროკურატურაში ან ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა ჩამონათვალს სკოლის დირექტორის წარდგინებით დამოუკიდებელი საბჭო ამტკიცებს.

პროექტის თანახმად, მოქმედ მოსამართლეებს ეკისრებათ ვალდებულება 3 წელიწადში 5 დღე მაინც დაუთმონ სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა მორგებული უნდა იყოს მოსამართლის საჭიროებებზე.

იუსტიციის უმაღლეს სკოლას ასევე უფლება ენიჭება გასცეს სასწავლო გრანტი მოსამართლეებსა და სასამართლოს მოხელეებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი საბჭო.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბაზაზე სასამართლო სისტემის გამოწვევების ანალიზისა და კვლევებისათვის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა