გიგა ბოკერია - რის წინააღმდეგაც არის გრიგორი კარასინი, ის საქართველოსთვის კარგია

რის წინააღმდეგაც არის გრიგორი კარასინი, ის საქართველოსთვის კარგია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რუსეთი ყველაფერს, რაც საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წინ სწევს, ეწინააღმდეგება, რადგან ამის გამო უმცირდება შესაძლებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს.

„როცა კარასინი რუსეთის ფედერაციიდან რამის წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია, ძალიან მშიდად დავასკვნათ, რომ რის წინააღმდეგაც გამოდის, ეს არის ძალიან კარგი საქართველოსთვის. ცნობილი გამოთქმა რომ გადავაკეთოთ, რის წინააღმდეგაც არის კარასინი, ის არის კარგი საქართველოსთვის. ნატოში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინაააღმდეგება, რადგან ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს. ეს არის მათი ამოცანა. ნატოს წინააღმდეგები არიან არა იმიტომ, რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, როცა ნატოს წევრები გავხდებით, რადგან წევრობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ იმიტომ, რომ ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას, ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ.

სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად. მათი გათვლაც იმაზეა, რომ ამ გზავნილებით ჩვენს ისედაც, ამ საკითხებში არა ბოლომდე ჩამოყალიბებულ მთავრობას კიდევ უფრო მოუწოდებენ, არც ეცადონ რეალური მუშაობა. სამწუხაროდ, ამ მოწოდების თუ სხვა მიზეზების გამო ჩვენი მთავრობა აგრძელებს არათანმიმდევრულ პოლიტიკას ამ მიმართულებით, დეკლარაციის მიუხედავად", - აღნიშნა ბოკერიამ.

მანვე ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებაც და განაცხადა, რომ პორტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რუსეთისგან მეტი დამოუკიდებლობისთვის.

"აშშ რუსეთისგან განსხვავებით არ გვეუბნება, რომ აი, ეს მინდაო და მუშტებს არ აბრახუნებს მაგიდაზე, ის საქართველოს ინტერესებზე საუბრობს. თუ გვსურს, უფრო დაცული და თავისუფალი სამყაროს ნაწილი ვიყოთ, მაშინ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტები არ უნდა მივცეთ ტოტალიტარულ და ისეთ მტრულ სახელმწიფოებს, როგორიც რუსეთია. პირიქით, უნდა შევქმნათ ინსტრუმენტები, რომელიც მათი გავლენისგან გვიცავს, ასეთია ანაკლიის პორტი და ამას გვეუბნება შეერთებული შტატები. თუ საქართველოს ხალხი სხვა გზას აირჩევს, რუსეთისგან განსხვავებით, აშშ არაფერს დაგვაძალებს. თუმცა ხალხის არჩევანია, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, რომლის ლიდერიც არის შტატები და სადაც ქვეყნები ერთმანეთს პატივს სცემენ, არის დემოკრატია, თავისუფლება, კეთილდღეობა და წინსვლა. ამისთვის ანაკლიის პორტი პრინციპულია და თავისთავად სამარცხვინოა, რომ აქამდე მივიდა საქმე - იმაში, რაც ჩვენს ინტერესებშია, ამ მთავრობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო მდივნის საჯარო განცხადება დასჭირდა, რათა საბოლოო ჯამში, პრობლემები გვერდზე გადაედო და არ შეექმნა ისინი ამ პროექტისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა