ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტების პროგრამა წელსაც ქაღალდზე რჩება - პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 5 თვეში 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა

სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ქაღალდზე რჩება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაზე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ დრომდე 1 მილიონიც ვერ აითვისა.

„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი განვლილ ხუთნახევარ თვეში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა.

მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი ინფორმაციით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის წამალი მივიდა, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან 8 მლნ ლარის წამალი შეიძინა.

„პროგრამის ამოქმედებამდე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, გამოსავალი არის ის, რომ მედიკამენტის კომპონენტი დაემატოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ოღონდ ამისათვის საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი შეიცვალოს და მისი სწორი ადმინისტრირება მოხდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს