ეკა გიგაური - ჩვენ კარგი კანონმდებლობის კარგი აღმასრულებლები გვჭირდება და სამწუხაროდ,  ეს არ გვყავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღას“ და განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.

როგორც გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახლა მნიშვნელოვანი იმპლემენტაციის პროცესია. მისივე თქმით, რომ არა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ბრძოლა, ცვლილებები არ განხორციელდებოდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ ცვლილებებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სთხოვდნენ საქართველოს მთავრობას და მმართველ გუნდს, რომ ეს ცვლილებები შეეტანათ კანონმდებლობაში და ეს არის ნამდვილად რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი ასეთი დიდ ბრძოლა რომ არ ყოფილიყო, ამ შედეგებს ნამდვილად არ მივიღებდით, რადგან ჩანდა, რომ მმართველ პარტიას არ ჰქონდა სურვილი კანონმდებლობაში შეეცვალა რამე. ცხადია, ჩვენი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული - ეს მნიშვნელოვანია. რაც არ იქნა გათვალისწინებული, ეს არის სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ მოსამართლეებს აერჩიათ სასამართლოს თავმჯდომარეები. მართალია, ცვლილება შევიდა დასაბუთების ნაწილში, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო, რომ სასამართლოში არსებული კლანისათვის ეს უფლება არ დაგვეტოვებინა. რაც შეეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს, აქ ცვლილებები შევიდა და ეს კარგია. ახლა ჩვენ, რაც უნდა გავაკეთოთ ამის შემდგომ და რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არის შესაბამისი იმპლემენტაცია. სასამართლოში არის კლანი, შესაბამისად, ძალიან ხშირად ისინი ცდილობდნენ მინიმალურად შეასრულონ კანონმდებლობა, თავიანთი წარმომადგენლები დანიშნონ სასამართლოში და გააკეთონ ყველაფერი, რომ მათდამი ერთგული ადამიანები იყვნენ იქ და ცდილობენ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები გარიყონ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა და იქვე დასძინა, რომ არასამთავრობო სექტორის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება მოთხოვნა, კლანმა დატოვოს სასამართლო სისტემა.

„ჩვენ კარგი კანონმდებლობის კარგი აღმასრულებლები გვჭირდება და სამწუხაროდ, ეს არ გვყავს. ამიტომ ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაზე ვიფიქროთ. ასევე ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ცვლილებები ცხადია, გავლენას არ მოახდენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად სხვა რეფორმა. ჩვენ წინ გვაქვს მეორე პროცესი, სადაც ძალიან აქტიურად ვართ ჩართული. ეს არის უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა, სადაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება არა კლანის წევრები და ის ადამიანები, ვინც კავშირში არიან მმართველ პარტიასთან, არამედ ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“, - დასძინა ეკა გიგაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო