ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.

პოლონეთის დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობისა და დიალოგის გაღრმავებას. მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

კანადის დელეგაცია მიესალმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანა-სპონსორი.

უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების, ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. აგრეთვე, უკრაინის დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს