ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების და განმახორციელებელი პარტნიორების შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის განხილვა. ასევე, რეგიონებში ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობა.

FAO ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის, სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის განვითარების სტრატეგიების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრა ახლადშექმნილ „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოზე“, რომელიც ფერმერთა საკონსულტაციო სერვისებისა და კოოპერატივების განვითარებაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევაზე, რისი აუცილებლობაც, მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ კვირას, შიდა ქართლში სეტყვით გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო ზარალის გამო. როგორც მან აღნიშნა, აგროდაზღვევა მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა ფერმერებისა და კოოპერატივებისთვის.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა და სოფლის მეურნეობის ატაშემ, კრისტინა კასელამ ENPARD-ის ფარგლებში სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმდინარე და ახალი ინიციატივები მიმოიხილა. მან მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ENPARD-ის მესამე ფაზის პროექტებზე და ENPARD IV-ზე, რომელიც შემუშავების პროცესშია, თუმცა ცნობილია, რომ პროგრამა გააგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და ქვეყანაში საკვების უვნებლობის მიმართულებით მუშაობას.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ FAO-ს წარმომადგენლებმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო მიწის ნაკვეთების ქსელის შექმნას გულისხმობს. ქსელი გააერთიანებს საცდელ მეურნეობებს, სადაც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ფერმერებისთვის საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დემონსტრირება მოახდინონ. ინიციატივის მიზანია ხელი შეეწყოს ფერმერთა ინფორმირებას და გაძლიერდეს საკონსულტაციო სერვისები. FAO-ს წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს საქართველოში ჩაის სექტორის მიმოხილვა, ხოლო CARE Internatinal-მა დამსწრეებს კოოპერატივების გაძლიერების ახალი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც კოოპერატივების ფონდის შექმნას გულისხმობს.

შეხვედრის ფარგლებში ENPARD-ის პარტნიორებმა ასევე იმსჯელეს რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის პრობლემაზე და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე, რაც შეამციერებს საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიურ შედეგებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით პარტნიორთა ინიციატივებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებიდან: UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic, Action Against Hunger, ასევე ჩეხეთისა და ავსტრიის კოოპერაციის სააგენტოებმა, USDA-მ, USAID-მა და სხვებმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით.

პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა