სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო თავის განცხადებაში მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას

მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო თავის განცხადებაში მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ლგბტქ პრაიდის გამართვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს კოსტიტუციას, რომელიც ამ ქვეყანაში უზენაესი კანონია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დაიცვან და პატივი სცენ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები.

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს განცხადებაში საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას. მნიშვნელოვანია ყველა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამ ქვეყანაში უზენაესი კანონია, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობისა თუ ღირებულებისა და სხვადახვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, აქვთ უფლება მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე მოვუწოდებ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები ჩვენთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში", -განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ის საპატრიარქოს მოწოდებებს, რომ არ შედგეს დაგეგმილი პრაიდი, ლომჯარია პასუხობს, რომ ვერ შეაფასებს საპატრიარქოს პოზიციას, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მას აქვს უფლება საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე დააფიქსიროს.

„ჩემთვის ამოსავალი წერტილია საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც არის უზენაესი კანონი და უნდა ვიმოქმედოთ კონსტიტუციით. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გააკეთოს ნათელი გზავნილი იმ საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატია შინაგან საქმეთა სამინისტრო",- განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.

ამასთან, საპატრიარქო განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მას ემიჯნებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო