იულია სუსლიაკს პატრიარქთან შეხვედრა სურს

იულია სუსლიაკი ოცნებობს გათავისუფლებისთანავე საქართველოს პატრიარქს შეხვდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა.

მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაცვის შემდეგი სტრატეგია შეათანხმა. ამასთანავე, ადვოკატი განმარტავს, რომ სუსლიაკი სულიერად ძალიან ძლიერია და მას იმ დანაშაულს ვერ აღიარებინებენ, რაც არ ჩაუდენია.

„სუსლიაკი ოცნებობს, ძალიან მალე დამთავრდეს ეს საქმე და გათავისუფლებისთანავე საქართველოს პატრიარქს შეხვდეს. სხვათაშორის, მხნედ არის და განაცხადა, რომ ის სულიერად ძალიან ძლიერია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გატეხენ. ის არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, ამის იმედი ნურავის ექნება.

ჩემი მასთან ამჟამინდელი შეხვედრა დაკავშირებული იყო დაცვის შემდგომ სტრატეგიასთან. ასევე მაინტერესებდა, მისი მდგომარეობა, ხომ არ გართულდა ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილში, მაგრამ ასეთ რამეს ადგილი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები ცდილობდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში თეთრეულისა და პირადი ჰიგიენის ნივთების გარეშე ჰყავდათ კამერაში“, - განაცხადა თოდუამ.

მან დღეს გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა. ადვოკატმა ხვალ გამოკითხვაზე საქმის ორი პროკურორიც დაიბარა.

„პროკურატურაში შევიტანე რამდენიმე საჩივარი. მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხდა რეაგირება საჩივრებზე, რომლებიც კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს. ამ ადამიანებმა სუსლიაკი დაუსაბუთებლად და უკანონოდ მისცეს პასუხისგებაში. მაინტერესებს, რატომ არ არის გამოძიება დაწყებული საადვოკატო ხელისშეშლის ნაწილში. ასევე, მოვითხოვე გამოძიება იური სუსლიაკის მობილურ ტელეფონზე განხორციელებულ სატელეფონო ზარის თაობაზე. საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ იულია სუსლიაკის თავისუფლებას ჰპირდებოდნენ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილით ვისარგებლე და ხვალ გამოკითხვაზე საქართველოს გენარალური პროკურატურის უფროსი პროკურორი თეა გიორგაძე და ასევე უფროსი პროკურორი, მარიამ გოგორელიანი დავიბარე გამოკითხვაზე. მათ ხვალ ჩემთან ოფისში ველოდები, ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას ატარებენ საქმეზე. გამოკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ მინდა წერილობითი ინფორმაცია ჩამოვართვა ამ და სხვა საკითხებზე.

ასევე, ვითხოვ გამოძიების დაწყებას ფარული მიყურადების კადრების გავრცელების თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ, პროკურორის გარეშე ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხვდებოდა მასმედიის ხელში“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.