ორი ქართული პროექტი პირველად მიიღებს მონაწილეობას ბრიუსელში “ევროპის განვითარების დღეებზე“

18-19 ივნისს ბრიუსელი “ევროპის განვითარების დღეებს“ (European Development Days) მასპინძლობს.

ფორუმი ორგანიზებულია ევროკომისიის მიერ და თავს უყრის მთავრობების წარმომადგენლებს, საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ გლობალური განვითარების პროცესში, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, საინტერესო იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე.

2019 წელს ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენს - “უთანასწორობის დაძლევა: ვაშენებთ სამყაროს, რომელიც არავის დატოვებს უკან“.

წელს პირველად, ფორუმის 14-წლიანი ისტორიის მანძილზე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის დაფინანსებული ორი პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში. კერძოდ, "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში", რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. მას ახორციელებს ა.ა.ი.პ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (Caritas Czech Republic in Georgia), სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით.

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის მიზანია დაეხმაროს მერებს და მუნიციპალიტეტებს, იყვნენ ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი ადგილობრივ დონეზე.

ევროკავშირის ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი). ინიციატივას ახორციელებს კონსორციუმი საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მონაწილეობით და ნიდერლანდური კომპანია ეკორისის (Ecorys Nederland B.V.) ხელმძღვანელობით.

“ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის წამყვანი ფორუმის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასა და განვითარებაზე. ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოს ლიდერებს, წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებს და საკონსულტაციო კომპანიებს გავუზიაროთ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების წარმატებული გამოცდილება“, - განმარტავს საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელი ალექსი ალექსიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა - “გლობალური სოფელი“ (Global Village), სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული ასამდე პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის სარგებელს. საქართველოში განხორციელებული ეს ორი პროექტი სწორედ ამ გლობალური გამოფენის ნაწილი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო