თამარ კორძაია - გურამ ფალავანდიშვილი უნდა დააკავოს ხელისუფლებამ და ჩვენ არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ აქედან ჩუმად, ავტობუსებით გაგვიყვანენ

პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, საპატრიარქოს - სირცხვილი თქვენ იმიტომ, რომ უნარი არ გაქვთ, დაიცვათ სუსტი,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოვლენებს.

მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას კონტრაქციის მონაწილეთა ქმედებაზე რეაქცია არ აქვს, არის სიმხდალე.

"მინდა მივმართო ხელისუფლების მხდალ წარმომადგენლებს: ამ ადამიანების ადგილი არის ამ ცის ქვეშ და უნდათ, შეიკრიბებიან კანცელარიასთან, უნდათ ნებისმიერ ადგილზე და ხელისუფლების წარმომადგენლების ვალდებულებაა, ეს იყოს უზრუნველყოფილი. მათ აქვთ უფლება, სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მონაწილეობენ ამ ქვეყნის მშენებლობაში, მუშაობენ, იხდიან გადასახადებს, ისინი არიან ჩვენი ნაწილი, ამიტომ ის, რაც დღეს აქ ხდება კონტრაქციის მხრიდან, ეს არის ამაზრზენი და ხელისუფლებას, რომ რეაქცია არ აქვს, ეს არის სიმხდალე. არსებობს სტანდარტი: არ შეიძლება ხელისუფლებამ ტოლობა დასვას მშვიდობიან და ძალადობრივ აქციებს შორის,"- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯი კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის დაკავება იქნება. მისივე შეფასებით, ხელისუფლება ხან საპატრიარქოს განცხადებას და ხან გურამ ფალავანდიშვილის თითის ქნევას ემორჩილება.

"ხელისუფლება ცდილობს, ისევ და ისევ რიგითი პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც პატიოსნად დგანან აქ და გვიცავენ, მაგრამ არ იციან, სხვა რა გააკეთონ. არ იციან იმიტომ, რომ მათი ხელმძღვანელები არ აძლევენ სწორ მითითებებს. სწორი მითითება კი არის ძალიან მარტივი და თუ უნდათ, აქედან მივაწოდებ: როდესაც კონტაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილი გამოდის და გვეუბნება, რომ 15 წუთს გვაძლევს, თუ არადა აქ სისხლი დაიღვრება, ეს არის იმწუთიერი და რეალური საფრთხე. ეს განცდა აქვს აქ ყველას. აქედან გამომდინარე, ფალავანდიშვილი უნდა დააკავოს ხელისუფლებამ და ჩვენ არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ აქედან ჩუმად, ავტობუსებით გაგვიყვანენ. ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ხან საპატრიარქოს განცხადებას დამორჩილდეს და ხან ფალავანდიშვილის თითის ქნევას. პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, საპატრიარქოს - სირცხვილი თქვენ იმიტომ, რომ უნარი არ გაქვთ, დაიცვათ სუსტი და იყოთ სუსტის მხარეს. აი, ეს ადამიანები, როგორ უნდა მართავდეთ ქვეყანას, ესაა საკითხავი,"- განაცხადა თამარ კორძაიამ ტვ "პირველის" ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო