საქართველოს პრეზიდენტი- აბასთუმანი ძალიან მალე სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანს ეწვია და სამცხე - ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრეზიდენტს არსებული ვითარებისა და იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში.

პრეზიდენტი დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და პროფესიული გადამზადების ცენტრების მშენებლობის საკითხებით და აღნიშნა, რომ ადგილობრივი კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონებში მისი გასვლები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ადგილზე ვითარების გაცნობას ემსახურება.

„მინდა ჩემი წარმოდგენა მქონდეს რა პრობლემები რჩება და რა ვითარდება. აქ ნათელია, რომ მიმდინარეობს სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება. ეს რეგიონი ძალიან მალე სერიოზული, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურისტული ცენტრი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც “ქართუ ჯგუფის“ მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა. ცენტრი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან ერთად, ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებსაც მოემსახურება.

„ეს ძალიან თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრია. მიმაჩნია, რომ ბალნეოთერაპიისა და სამედიცინო მიმართულებები ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდი პოტენციალის მომცემია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ასეთი მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში. თანამედროვე აღჭურვილობის ცენტრი 100 პაციენტზეა გათვლილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს