პრაქტიკული აკადემია ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეებში იღებს მონაწილეობას

პრაქტიკული აკადემია 15-16 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეებში“ იღებს მონაწილეობას.

ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ხელშეწყობას, ასევე, ემსახურება პროფესიული განათლების დახვეწასა და მოდერნიზებას.

ღონისძიებაში მონაწილე სასწავლო დაწესებულება, “პრაქტიკული აკადემია” ცდილობს, ხელი შეუწყოს პროფესიულ განათლებას, რომელიც დუალური საგანმანათლებლო პროგრამებით სხვადასხვა სფეროში მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებასა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.

პრაქტიკული აკადემიის წარმომადგენელმა ანა შოთნიაშვილმა განაცხადა, რომ პრაქტიკული აკადემია აქტიურადაა ჩართული ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

„ჩვენი მიზანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რასაც ვახორციელებთ დუალური განათლებით, რომელიც, თავის მხრივ, არის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის შესწავლა. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ ჩვენი სტუდენტები პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციებში გადიან. რაც შეეხება კურსებს, დღეს ძირითადად, ინტერესდებიან გრაფიკული დიზაინის, მულტიმედია ჟურნალისტიკის, ბუღალტრული აღრიცხვის, HR მენეჯმენტის მიმართულებებით, ასევე, შეფუთვებისა და კონვერტინგის სფეროთი“, - აღნიშნა ანა შოთნიაშვილმა.

პრაქტიკული აკადემიის კურსდამთავრებულმა, მარიამ ტურძილაძემ საკუთარი გამოცდილების შესახე ისაუბრა.

„დღეს დაინტერესებულ პირებს ვაწვდით ინფორმაციას პრაქტიკული აკადემიის შესახებ. პირადად მე გავიარე მულტიმედია ჟურნალისტიკის სამთვიანი კურსი,ამ ხნის განმავლობაში ვიმუშავე პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში. საბოლოოდ, კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით დავსაქმდი. პრაქტიკული აკადემია გაძლევს საშუალებას, მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 თვის განმავლობაში მიიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და რაც მთავარია, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციაში წარმატებით დასაქმდე, ისევე, როგორც მე მოვახერხე“, - აღნიშნა ტურძილაძემ.

პროფესიული განათლებით ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა, ლალი ცეცხლაძემ ხაზი გაუსვა, რომ პრაქტიკული აკადემიის კურსები ძალიან საინტერესოა, პროფესიული განათლება კი ამჟამად ქვეყანაში აუცილებელია.

"ძალიან საინტერესო კურსებია, ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. საერთოდ, პროფესიული განათლება აუცილებელია. ის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, რადგან ვიწრო სპეციალიზაციით გვყავს ძალიან ცოტა პროფესიონალი. ადამიანებმა ნახეს, რომ შეიძლება, იყო მაგალითად, ძალიან კარგი მზარეული და დასაქმდე, რადგან ქვეყანაში ამის დეფიციტია. იმედია, საქართველოში პროფესიული განათლება უფრო წინ წავა", - აღნიშნა ცეცხლაძემ.

პრაქტიკული აკადემია მსურველებს შემდგომი პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს: გრაფიკული დიზაინის პროფესიული პროგრამა; მულტიმედია ჟურნალისტიკის პროფესიული პროგრამა; ადამიანური რესურსების მართვის პროფესიული პროგრამა; შეფუთვებისა და კონვერტინგის საწარმოო პროცესების პროფესიული პროგრამა; ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული პროგრამა; შესყიდვები და საერთაშორისო გადაზიდვების პროფესიული პროგრამა.

პრაქტიკული აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: გამომცემლობა "პალიტრა L", მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", სარეკლამო სააგენტო "პრინტარეა", საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, ტელევიზია „პალიტრანიუსი“, გამომცემლობა „კოლორი“, „პალიტრა მედია ჰოლდინგი“, სტამბა „ფავორიტი“.

იხილეთ ვიდეო: პრაქტიკულმა აკადემიამ ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს