მამუკა ბახტაძე - საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია, ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი

საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი და ბუნებრივია, ანაკლიას აქვს ამ სტრატეგიაში თავისი განსაკუთრებული როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რათა ქვეყანამ მოახდინოს სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია.

„სწორედ მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი ჯერ კიდევ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის პერიოდში და ვსაუბრობდი, რომ თუ ჩვენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას განვავითარებდით ისე, რომ შევძლებდით მსხვილი მოთამაშეების მოზიდვას, შევძლებდით ინტეგრირებას აზიის და ევროპის ბაზრების, საქართველოს გაუჩნდებოდა შანსი, რომ ყოფილიყო ეს სატრანსპორტო ცენტრი. ერთობლივ დეკლარაციაში სწორედ ეს არის ასახული. აქედან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი პროექტის განვითარება, განსაკუთრებით ანაკლიის, ჩვენ სწორედ ამ ჭრილში უნდა წარმოვიდგინოთ. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომ მოვახდინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზაცია. მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სიეტლში, კომპანია SSA MARINE-თან, რომელიც განიხილება ამ პორტის ოპერატორ კომპანიად. ეს არის საკმაოდ მსხვილი, ძალიან გამოცდილი ამერიკული კომპანია და ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით მსგავსი პროფილის და მსგავსი მასშტაბის ამერიკული კომპანიების მონაწილეობას ამ საკითხში. ეს არის განსაკუთრებული მასშტაბის მქონე პროექტი და ბუნებრივია ამ პროექტის წარმატება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მსხვილი მასშტაბის მოთამაშეები და მსგავსი პროფილის კომპანიები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს