ჯიხაშკარის ჭაქვინჯას ციხეში, სავარაუდოდ, ადრეული შუასაუკუნეების პერიოდის სამარხები და 3200 წლის წინანდელი კერამიკული მასალა აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ჭაქვინჯას ციხეში, სავარაუდოდ, IV-X საუკუნეების პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა განუცხადა, არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა ციხის ციტადელში თავის ქალები 14 ივნისს აღმოაჩინეს.

მისივე ინფორმაციით, ამავე ციხეში, სავარაუდოდ, 3200 წლის წინანდელ კერამიკულ მასალას მიაკვლიეს.

„ეს, სავარაუდოდ, ქრისტიანული სამარხებია, რომელიც დავაკონსერვეთ. ერთ-ერთი სამარხში მხოლოდ თავის ქალაა აღმოჩენილი, მეორეში კი - თავის ქალასთან ერთად, კისრის არეც. განსხვავებით ანტიკური ხანისა, სამარხებში მიცვალებულისთვის არაფერი არ არის ჩატანებული. საკმაოდ ვიწრო თხრილებია და მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ აქ ეკლესიის გარშემო იყოს ქრისტიანული სასაფლაო“, - აღნიშნა ლომიტაშვილმა.

ლომიტაშვილი ამბობს, რომ მომავალ წელს ციხეში სამუშაოების გაგრძელება იგეგმება და აღმოჩენილ სამარხებსაც შეისწავლიან. ამ ეტაპზე კი ისინი კლასიკური საფარით დაიფარა.

რაც შეეხება მეორე აღმოჩენას, ლომიტაშვილი ამბობს, რომ არქეოლოგების მიერ ჯიხაში ნაპოვნი კერამიკული მასალა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ ამ ტერიტორიაზე კულტურული განვითარების თარიღმა 14 საუკუნით ადრე გადაიწია.

„ეს აღმოჩენა ცვლის სტრაფიგრაფიას ჭაქვინჯას ციხის ტერიტორიის შესახებ, რომლის აშენების თარიღად IV-V საუკუნეებია მიჩნეული. სავარაუდოა, რომ აქ კულტურული განვითარების პერიოდი გაცილებით ადრე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო“, - აღნიშნა დავით ლომიტაშვილმა.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ციხეს ჭაქვინჯა (ჯიხა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა