ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს..."

დიდი დაპირისპირების მოლოდინში - “თბილისი პრაიდი” არ გადაიდება, მოწინააღმდეგეები რეგიონებიდანაც მოდიან

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მუქარას

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...”

“პომპეოს განცხადება იყოს ძალიან არადიპლომატიური - როგორც წესი, ასე დიპლომატები დახურული შეხვედრებისას ლაპარაკობენ. ამერიკამ არა მხოლოდ პირდაპირ დაავალდებულა საქართველო, დაასრულოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ ოპერატორების მონაწილეობით, რომლებიც წარმოადგენენ კონსორციუმს, არამედ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის აქტიური მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით - ანაკლიის პორტის პროექტში, აშშ-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-მა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს და არ შემოუშვებს ჩინეთს შავ ზღვაზე”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა­ ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამერიკამ პირდაპირ თქვა, რომ არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს...” / “მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი ყულფი იკვრება რუსეთის გარშემო და ამ საერთო სტრატეგიაში საქართველოს ძალიან დიდი როლი ენიჭება” / “როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, რა დროს ლგბტ თემით სპეკულაციაა. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღებამ უმნიშვნელოვანესი საკითხებიდან მეათეხარისხოვან თემებზე გადაინაცვლოს”.

“სავარაუდოდ, ამის საჯაროდ თქმა საჭირო იმიტომ გახდა, რომ დახურულ კარს მიღმა ასეთმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩანს, ამერიკული მხარე იძულებული გახდა, ეს ყველაფერი საჯაროდ გამოეტანა და ყველასთვის დაენახებინა თავისი პოზიცია. ამ განცხადებით აშკარად ითქვა ისიც, რომ ანაკლიას, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა, სხვა დატვირთვაც აქვს, რის თაობაზე ლაპარაკსაც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედული ხალხი აქამდე ვერიდებოდით, თუმცა პომპეოს ამ განცხადებამ ცხადი გახადა ის ასპექტიც, რომ ანაკლიის პორტს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აშშ-ისთვისაც სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ახლა გადავიდეთ საკითხის საგარეო კონტექსტზე - ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა რუსული C-400 -ების შეძენა, მიუხედავად აშშ-ის გააფთრებული მცდელობისა, მისთვის ხელი შეეშალა. ამერიკელების სანქციებით მუქარა უშედეგო გამოდგა. ლაპარაკი იყო თურქეთის ნატოდან გარიცხვაზეც, თუმცა ამგვარი მექანიზმი ნატოს წესდებაში არ არსებობს. ასეც რომ არ იყოს, თურქეთის სამხედრო კონტინგენტი ნატოში სიდიდით მეორეა და ის ამითაც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ერთ ინტერვიუში ძნელია იმის ანალიზი, თუ რატომ დაიძაბა ასე ურთიერთობა თურქეთსა და დასავლეთს შორის, თუმცა მთავარი ქურთების საკითხია - თურქეთს ეშინია, რომ მის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე მცხოვრებმა ქურთებმა აშშ-ის ხელშეწყობით ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ჩამოაყალიბონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“შედეგად კი მივიღეთ რეალობა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა იარაღდება რუსეთის თანამედროვე სამხედრო სისტემებით, რომლის საწინააღმდეგოდაც თავის დროზე ნატო შეიქმნა. ამ ვითარებაში გასაგებია, რომ დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ამასთანავე, კიდევ ერთი კონტექსტია მნიშვნელოვანი _ ვგულისხმობ შავ ზღვასთან დაკავშირებით ნატოს ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანიც არის შავი ზღვის აუზში რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შეზღუდვა. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ძალიან დიდი როლი დაეკისრა. ცხადად ჩანს, რომ ამერიკელები სწორედ ამ კონტექსტით განიხილავენ ანაკლიის პორტსაც, რასაც აღარც მალავენ. ამავდროულად, პოლონეთში ნატოს სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით იზრდება, რასაც რუსეთის ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი ყულფი იკვრება რუსეთის გარშემო და ამ საერთო სტრატეგიაში საქართველოს ძალიან დიდი როლი ენიჭება. ჩვენ, ფაქტობრივად, ვხდებით უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა ფრონტის ხაზთან, რომელსაც ნატოსა და რუსეთის შერკინების ახალი ეტაპი ჰქვია. საინტერესო ის არის, რომ კარასინის განცხადებებიდან, რაც ნამდვილად ჰგავდა მუქარას, ისიც გავიგეთ - თურმე დეკემბერში, როდესაც ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გვიდგას ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი და ამავდროულად, ვდგავართ ძალიან საშიში გამოწვევის წინაშეც. მსოფლიო პოლიტიკურ თეატრში შერკინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა, შესაძლოა, სწორედ ჩვენთან გათამაშდეს. ჯერჯერობით გამოვრიცხავ სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს, მაგრამ ის, რაც კარასინისგან მოვისმინეთ, აშკარად არის ე.წ. არაკონვენციური ომის ერთ-ერთი გამოვლინება. ამავდროულად, ეს არის უნიკალური შანსი საქართველოსთვის, რომლისთვისაც იხსნება შესაძლებლობების ახალი ფანჯარა, თუმცა ვიდრე ჩვენ ამ ღია ფანჯარაში შევაბიჯებთ, ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და გამოწვევის გადალახვა მოგვიწევს... რუსეთი ამას გულხელდაკრეფილი არ შეხვდება. მაგრამ რაკი საქართველოს აშშ-ისა და ნატოსთვის ასეთი მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია, მათ საკუთარ სტრატეგიაში ჩადებული ექნებათ “დამცავი ბალიშებიც” იმისთვის, რომ ნატოში გაწევრებამდე საქართველო რუსეთმა არ გადაყლაპოს. და როდესაც ასე აშკარად ლაპარაკობენ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ცხადია, რომ ნატოსთვის საქართველოს დაცვა არაწევრი ქვეყნის სტატუსითაც კი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება... არა იმიტომ, რომ საქართველო ვიღაცას უყვარს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებული პრაგმატული ინტერესები”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება კონსორციუმის წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარად მიზანმიმართულ მოქმედებას, ერთი მხრივ, ხელისუფლებას ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ კონსორციუმისთვის პრეტენზიები წაეყენებინა. თუ არ ვცდები, სახელმწიფომ კონსორციუმს მეექვსედ გადაუვადა ფინანსური ვალდებულებები. როგორც ჩანს, აქამდე აშშ-ც არ ჩქარობდა ამ პროექტის მშენებლობას. როგორც ჩანს, მათთვის პირველ ეტაპზე მთავარი იყო, პროექტი რუსული და ჩინური გავლენებისგან დაეცვათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თავისი მოთხოვნები წამოაყენა, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის განხორციელებაში რეალური ინვესტიციების ჩადების საკითხი. ველი, რომ ამის შემდეგ, ფინანსური ვალდებულებების თვალსაზრისით, პროცესები ამერიკიდანაც უფრო სწრაფად განვითარდება. რაც შეეხება ხელისუფლების მოტივაციას, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ პორტთან დაკავშირებით რუსეთის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იყო და ამ ვითარებიდან ეძებდა ისეთ გამოსავალს, რომელიც ქვეყანას ნაკლებად დააზარალებდა. შესაძლოა, ამ გამოსავლად მათ სწორედ დროის გაჭიანურება ესახებოდათ…” -მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

“რუსეთისგან ამ ეტაპზე პირდაპირ სამხედრო აგრესიას არ ველი, რუსეთისგან პირველი დარტყმა შეიძლება იყოს ეკონომიკური, ანუ რუსული ბაზრის ჩაკეტვა. ჩვენი ეკონომიკისთვის ეს ბაზარი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან. ამ ყველაფრის აკრძალვა სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოსთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს: ერთი მხრივ - ქვეყნის პროდუქციის სხვა ბაზრებზე გასატანად, მეორე მხრივ კი - პრევენციულ ზომებზე, რაც ამგვარი დარტყმის შემთხვევაში მძიმე შედეგს თავიდან აგვაცილებს. კიდევ არაერთი მიმართულებით შეიძლება შემოგვიტიოს რუსეთმა. ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ პომპეოს განცხადების შემდეგ თავისი სახელი დაერქვა ყველაფერს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ, დაწყებული პანკისის პროცესებით, გაგრძელებული დავითგარეჯის თემით და დასრულებული იმით, რაც 15 ივნისს თბილისის ქუჩებში ხდებოდა - ვგულისხმობ რამდენიმე ლგბტ აქტივისტის წინააღმდეგ აქციების გამართვას - რა თქმა უნდა. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, თუმცა, როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, რა დროს ლგბტ თემით სპეკულაციაა. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღებამ­ უმნიშვნელოვანესი საკითხებიდან მეათეხარისხოვან თემებზე გადაინაცვლოს… არ გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება ამ დაპირისპირების მონაწილე ორივე მხარე სიტუაციის ესკალაციის მიზნით ერთი “ავტორისგან” იმართებოდეს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“გავიხსენებ სუს-ის 2018 წლის ანგარიშს, რომელშიც პირდაპირ წერია, თუ რა მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის საზოგადოების კონფრონტაციის პროვოცირება, გახლეჩა და ერთმანეთზე წაკიდება; ასევე საქართველოს უახლოეს მეზობლებთან კონფრონტაციის ინსპირირება, პროვოკაციების მეშვეობით დაპირისპირების წაქეზება ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებთან... სუს-ის ანგარიშში მოყვანილი საფრთხეების რეალობად ქცევის მცდელობებს აშკარად ვხედავთ ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ, რუსეთი ყველაზე მეტად ამ მიმართულებით გააქტიურდება და შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს იმის მიხედვით, რას მოახერხებს, რამდენად შეძლებს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია. არ უნდა დავუშვათ ვიწრო და უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ჯგუფების მიერ კონფლიქტების ინსპირირება”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პომპეომ განაცხადა, რომ მოუწოდა საქართველოს, “გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და დაადასტუროს, რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს…” - პასუხობს:

“მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო თემა გაცილებით უფრო რბილად იყო ნახსენები, მე მაინც მომაგონა სააკაშვილის შეხვედრები ობამასა და კლინტონთან 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც მას ასევე საჯაროდ უთხრეს, რომ უნდა გადაეცა ხელისუფლება ოპოზიციური ძალისთვის, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებდა. ფაქტობრივად, იგივე მოვისმინეთ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კონტექსტი სრულიად განსხვავებულია. იმჟამად რეალურად არსებობდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლო ძალაუფლების გადაბარებაც და შენარჩუნებაც სტაბილურობის გარანტიით. დღეს არ ჩანს ძალა, რომელმაც შეიძლება ჩაანაცვლოს “ქართული ოცნება”. მთავარი კითხვა ასეთია: როდესაც აშშ უკმაყოფილოა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით, ვისზე დადებს ფსონს `ქართული ოცნების~ შესავიწროებლად? დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დახურულ კარს უკან საქართველოს ხელისუფლება გვარიანად შეახურეს. განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის რეაქციას გავიხსენებ, რომელმაც განაცხადა, საარჩევნო რეფორმისთვის კომისიას შევქმნით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ყველა მოწოდებას გავითვალისწინებთო”.

“ამასთანავე, სოციალურ ქსელებში `ქართული ოცნების" მომხრეებისგან გაისმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეაც... ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ 2020 წელს მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე არ წავიდეს. შესაძლოა, ამისთვის ვადამდელი არჩევნები მართლაც ჩაატარონ და თქვან, საკანონმდებლო ცვლილებები ვეღარ მოვასწარითო... არ ვიცი, ადეკვატური იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკული გზავნილების მიმართ - წავა ვითარების ესკალაციის მიმართულებით, რაც ქვეყნისთვისაც და მისთვისაც დიდი საფრთხე იქნება თუ წავა რადიკალური რეფორმების გზით. ამაზე ლაპარაკი ჯერ ძნელია, თუმცა უახლოესი მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს. პომპეოს განცხადებამ, შეიძლება ითქვას, რომ გახსნა შესაძლებლობების ფანჯარა ოპოზიციური პარტიებისთვის. ამასთან, ახალშექმნილ და ძველ პარტიებსაც აშკარად ჰგონიათ, რომ იმ 3%-იან ბარიერს, რომელიც მომავალ არჩევნებზე იქნება, ადვილად გადალახავენ. ველი, რომ სექტემბრისთვის შეიძლება კიდევ გამოჩნდეს ორი-სამი ახალი პოლიტიკური პარტია... ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გამოვა პოლიტიკურ ველზე და შესთავაზებს თუ არა საზოგადოებას როგორც `ქართული ოცნების", ისე “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატივას. დღეს ვითარება ასეთია: ერთ მხარეს არის `ქართული ოცნება", მეორე მხარეს - `ნაციონალური მოძრაობა". ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრი გადალაგდება მათ შორის და იქნება მესამე ფლანგიც - პირობითად მას დავარქმევ ნეიტრალიტეტის მომხრეთა ფლანგს, რომელშიც, სავარაუდოდ, ვიხილავთ ინაშვილს, ბურჯანაძეს და ვასაძეს”, - აღნიშნავს ექსპერტი.

“კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც იმოქმედებს პოლიტიკურ სპექტრზე, რა თქმა უნდა, არის სააკაშვილი თავისი უკრაინული ამბიციებით. ის არჩევნებში საკუთარი პარტიით მონაწილეობას აპირებს. მინდა გითხათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პერსპექტივა პირდაპირ არის მიბმული სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობაზე და იმაზე, რა წარმატების მიღწევას შეძლებს ის უკრაინულ არჩევნებში. თუ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეინკარნაციის დრო დგება, ძალიან ბევრი დაფიქრდება, რა იქნება მისთვის გადარჩენის გზა - მასთან დაპირისპირება თუ საერთო ენის გამონახვა. დიდი ნაწილი, ალბათ, საერთო ენის გამონახვას ეცდება, ანუ დაიწყება დაახლოებით ის პროცესები, რაც 2002 წელს შევარდნაძის ხელისუფლებაში ხდებოდა, როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის წევრები, მინისტრების ჩათვლით, სააკაშვილის თამაშს თამაშობდნენ. თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს ოპოზიციური ძალა თუ ძალათა გაერთიანება, რომელიც მოახერხებს და 2020 წელს ხელისუფლებაში “ქართულ ოცნებას” ჩაანაცვლებს”, - დასძენს ლაგაზიძე.

დიდი დაპირისპირება თბილისში - “თბილისი პრაიდი” არ გადაიდება, მოწინააღმდეგეები რეგიონებიდან დედაქალაქში მოდიან

“თბილისში ანტიჰომოფობიური კვირეულის დაწყებამდე ერთი დღით ადრე “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები და შს სამინისტროს წარმომადგენლები 17 ივნისს შეხვედრას გეგმავენ. სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდება კონკრეტულად იმ გეგმის განხილვა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უწყებას შესთავაზეს და რომლის მიხედვითაც პრაიდის მიმდინარეობისას მათი უსაფრთხოების დაცვა უნდა მოხდეს. რას ითვალისწინებს ეს გეგმა და შეთანხმდებიან თუ არა ორივე მხარე - ეს შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა მანამდე “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია რას აპირებენ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები, თუკი მათ მიერ შეთავაზებულ გეგმაზე შსს-მ უარი განაცხადა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა ვერ მოხდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მისი ჩატარება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თბილისი დიდი დაპირისპირების მოლოდინში / “თბილისი პრაიდი” არ გადაიდება, პრაიდის მოწინააღმდეგეები რეგიონებიდან დედაქალაში მოდიან.

“სპეციალურ განცხადებაში ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას, თუმცა აცნობიერებენ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა პრაიდის ჩატარებას მოყვეს. ამ აქციის საწინააღმდეგოდ სოციალურ ქსელში ხდება საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზება, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან კოლონებად ჩამოდიან და “თბილისი პრაიდის” ჩატარებას არ დაუშვებენ. მიუხედავად ყველაფერ ამისა, ლგბტ თემის წარმომადგენლები საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 18-23 ივნისს ღონისძიებებს მაინც ჩაატარებენ. “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი გვეუბნება, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც 17 მაისს შსს-თან ერთად განიხილავენ. თაბაგარის თქმით, მათ აქვთ იმედი, რომ უწყება შეძლებს აქციის წევრების დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მისი განცხადებით, აქციის გადადებას ან საერთოდ გაუქმებაზე საუბარი არ იქნება. პრაიდის მოწინააღმდეგეები კონტრ-აქციის ორგანიზებას გეგმავენ. მმართველი გუნდი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და თავად ლგბტ თემის წარმომადგენლები რეაგირებას შს სამინისტროსგან ელოდებიან და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას სწორედ ძალოვან უწყებას აკისრებენ. სასულიერო პირები აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს კვირეული არ ჩატარდეს, მაგრამ თუკი “თბილისი პრაიდი” მაინც ჩატარდება, აპირებენ მშვიდობიანი ფორმით პროტესტი გამოხატონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქციის უსაფრთხოდ ჩატარების კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომელიც შსს-ს უკვე გადავუგზავნეთ და სწორედ ამ კონკრეტულ გეგმაზე შევთანხმდებით თუ არა, 17 ივნისის შეხვედრაზე გახდება ცნობილი. რა თქმა უნდა, ამ გეგმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იქ კონკრეტულად გვაქვს გაწერილი, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს აქციაზე მოსული ადამიანების უსაფრთხოების დაცვა. დაველოდებით რას გვეტყვიან და შემოგვთავაზებენ თავად უწყების წარმომადგენლები. ჩვენ დაგეგმილი აქციების გადადებას არ განვიხილავთ, რადგანაც ვფიქრობთ, რომ შსს მოწოდების სიმაღლეზე დგას და ჩვენი უსაფრთხოების დაცვა სრულიად შეუძლიათ. იმედი მინდა დავიტოვო, რომ შეხვედრაზე შეთანხმება მოხდება. ჩვენ, დღეის მონაცემებით, არანაირად არც კი ვუშვებთ, რომ ამ აქციების გადადება ან საერთოდ გაუქმება მოგვიწევს. უსაფრთხოების დაცვა შსს-ს პრეროგატივაა და გვგონია, რომ სამართალდამცველები ამას შეძლებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.

“რაც შეეხება შს სამინისტროს პოზიციას, პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათი პოზიცია დეტალურადაა გადმოცემული უწყების მიერ 16 ივნისს ოფიციალურად გამოქვეყნებული განცხადებაში. შსს-ს პოზიცია 18-23 ივნისის “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით კი ასეთია: “პოლიცია განმარტავს, რომ დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში”, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე ჯგუფიდანაც აღნიშნული საკითხით მანიპულირება ხდება. “ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცის მიმართ პროტესტს, მიუღებლობას გამოხატავს და პირად შეურაცხყოფად აღიქვამს, მათთან ჯიბრში უმცირესობის წარმომადგენლებიც არ უნდა ჩადგნენ. ქანთარია ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება შუღლს და აგრესიას აღვივებს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს დაპირისპირება შემდეგ ისეთი თემის წამოწევას ახდენს, როგორიც ულტრანაციონალიზმი და შოვინიზმია”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება ისეთმა ლექმა ამოიწიოს, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე გვინახავს და მისი ფატალური დასასრულიც ვიცით. ისე არ დაგვიდგეს საქმე, რომ ე.წ. “ტაბურეტკა” სანატრელი გაგვიხდეს. ამიტომ მგონია, რომ ორივე მხარე გარკვეული თმენის ვალდებულებით უნდა იყოს განმსჭვალული და ორივეს მხირდან თემის პროვოცირება არ უნდა მოხდეს. ინდივიდუალურად არავინ არავის არაფერს უშლის. ჯობია, რომ ასეთი მარშები და პრაიდები გადადონ, რადგანაც მსგავსი დაპირისპირება თავიდან ავირიდოთ. როგორც ჩანს, აქ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისთვის დაფინანსების და გრანტების საკითხები უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო და ძალოვანი უწყებები ამ პროვოკაციებს თავიდან აგვარიდებს და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ რადიკალური ქმედებებისგან თავი შეიკავონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

“მისივე თქმით, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მსგავსი თემების გამოყენებას შეეცდება. ქანთარია ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ “მთვარის ისეთი დაბნელება”, რომ ეგზალტირებული პროცესის მართვა ვეღარ შევძლოთ. ამიტომ დეპუტატი ფიქრობს, რომ უმცირესობის წარმომადგენლებმაც საღი აზროვნება უნდა იქონიონ და მთლიანად ანგარიში იმ უმრავლესობას გაუწიოს, რომელსაც მათი ამგვარი აქტივობა აღიზიანებთ. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მათი მხრიდან გასათვალისწინებელია, რა ქვეყანაში და სად ცხოვრობენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ როგორ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არიან კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც ამ თემის გააქტიურებით საკუთარი მიზნები ამოძრავებთ. აქციების ჩატარება, ჩიტაძის აზრით, ორივე დაპირისპირებული მხარეებისთვის ხელსაყრელია, რათა შემდეგ ამ თემით მანიპულირება და მისი სათავისოდ გამოყენება შეძლონ. მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ამ დაპირისპირებაში ეკლესიაც ერევა და საერო საქმეებში სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს. თუ გულწრფელები არიან, მაშინ თავის მომხრეებსაც მოუწოდონ, რომ ძალადობა არ მოხდეს. ჩიტაძე ფიქრობს, რომ ეკლესიას არ აქვს უფლება, სახელმწიფოს განუსაზღვროს რა დაუშვას და რა არა. მით უმეტეს, როდესაც მსგავსი გამოხატვის უფლება კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს. ჩიტაძე ამბობს, რომ ამ თემის კიდევ უფრო პროვოცირებით პრორუსული ძალები არიან დაინტერესებულები, რომლებიც ცდილობენ საქართველო დასავლეთის თვალში არადემოკრატიულ ქვეყნად წარმოაჩინონ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ორივე მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით არაგულწრფელია. “თბილისი პრაიდის” განცხადებები, რომ დავიცვათ უმცირესობები და ესაა მათი მთავარი გზავნილი, გასაგებია, მაგრამ ყოველთვის გვავიწყდება, რომ უმრავლესობის უფლებებიც არსებობს. მინახავს ასევე თავად სექსუალური უმცირესობებიც უმრავლესობის ინტერესებს როგორ არღვევენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ლგბტ თემის წევრების მხრიდან ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩაგვრის იმიტაციას როგორ ახდენენ. ასევე მათი გამოხატვის ფორმები... ეს არ არის დემოკრატია. დემოკრატიაა, როცა სხვის უფლებებს და რელიგიურ შეხედულებებსაც პატივს სცემ. ესაა ფსევდო ლიბერალიზმი, რომლის მიხედვითაც შენი ქვეყნის დისკრედიტაციას შენივე ინტერესებისთვის ცდილობ. მსგავსი პრეტენზიები, ცხადია, მეორე ჯგუფის მიმართაც არსებობს. სამწუხაროდ, გამოდიან ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლურ და რელიგიურ ღირებულებებზე საუბრობენ და რუსეთუმეები არიან. ასეთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არა აქვთ უფლება, რომ ერის სახელით ისაუბრონ…“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მუქარას

“აშშ-დან ნატოსა და ანაკლიის პორტის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო მოსკოვი აღშფოთებას ისევ ვერ მალავს და პრაღაში მორიგი შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა მორიგი მუქარანარევი გზავნილები გამოგვიგზავნა - ნატოში საქართველოს დაჩქარებული გაწევრების პერსპექტივით მოსკოვი შეშფოთებულია და “ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს”. კარასინის თქმით, რაც მაიკ პომპეომ რუსეთსა და ჩინეთზე ანაკლიის პორტის კონტექსტში თქვა, კრემლს არ აწყობს. კარასინის განცხადება მუქარად აღიქვა თბილისში ყველამ - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ექსპერტებმა, თუმცა როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, კარასინის განცხადებები ორი ქვეყნის ურთიერთობაში არაფერს ცვლის და საქართველო განაგრძობს ნატოსკენ სვლას”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მუქარას.

“შეხვედრის დასაწყისში ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლების დაცვასა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, რომ მიმდინარეობს რეგიონების მილიტარიზაცია, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები და მოვიყვანეთ კონკრეტული მაგალითებიც. ამას ყოველი შეხვედრის წინ ვაკეთებთ, სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გადავალთ. ვამახვილებთ ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟენევის მოლაპარაკებების თემაა. დღის წესრიგის საკითხებიდან განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირების პრობლემები, ამ სფეროებში ქართული კომპანიების მონაწილეობა და მათი ინტერესების დაცვა. საუბარი შეეხო საბაჟო მონიტორინგსაც, 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას, რაშიც რაღაც წინსვლა არის. 23-24 მაისს შვეიცარიაში გაიმართა შეხვედრა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეს საკითხი განიხილეს. როგორც ცნობილია, რუსეთმაც გააფორმა ხელშეკრულება შვეიცარიასთან და შესაბამისი თანხაც ჩაურიცხა. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ წინსვლა იქნება. ანაკლიის პორტის თემაზე სიტყვა არ თქმულა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე და შეკითხვაზე - “როგორც ვიცით, რუსი ექსპერტები აპირებენ ჩამოსვლას ლუგარის ლაბორატორიის გამო”, - პასუხობს:

“ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთი გამუდმებით აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ლაბორატორია მუშაობს თავისი პროფილით და მისი კარი ღიაა”.

რად შეეხება კარასინის ნათქვამს, რომ საქართველოს წინსვლა ნატოსკენ “საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს”, კარასინმა ეს კომენტარი მედიის წარმომადგენლების კითხვაზე გააკეთა… ნატოს თემას ჩვენს შეხვედრებზეც ახსენებს ხოლმე და მათი პოზიცია კარგად არის ცნობილი, ხოლო ჩვენი პასუხი ასეთია - პრაღის ფორმატში ამგვარი საკითხების განხილვა არ არის გათვალისწინებული. ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია. ეს თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ასეთი მოკლე პასუხით ამოიწურება ხოლმე ამ თემაზე საუბარი”, - დასძენს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს