ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ლევან ჩაჩუას გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში, დიღმის სამმართველოში ლევან ჩაჩუა იკითხება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჩაჩუას გამოკითხვის შესახებ უწყება დღეს ჩაბარდა და ის უკვე დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ჩაჩუა სახალხო რაზმის წევრია.

ცნობისთვის, შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.