ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების და მართვის საკითხებზე კვლევებს ჩაატარებს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების და მართვის საკითხებზე კვლევებს ჩაატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელთან, ფელიქს ჰეტისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სტუმარს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების პროცესში სახელმწიფოს და უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მისი განცხადებით, კომიტეტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად აქტიურად არიან წარმოდგენილი ყველა ის უწყება და სამსახური, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკაზე მუშაობენ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი წლის ბოლოსთვის სპეციალური დოკუმენტის მომზადებას აპირებს, რომელშიც ვრცლად და სიღრმისეულად იქნება წარმოდგენილი ყველა ის ხედვა და მიდგომა, რაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი, მისი ამოცანების შესრულების პროცესში, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან და მათი მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, აღნიშნული ურთიერთობის მაგალითს ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობა წარმოადგენს, რომელიც იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში და თბილისის მასშტაბით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების საკითხებზე კვლევებს ჩაატარებს.

„2016 წელს, ახალგაზრდობის თემატიკაზე, ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საინტერესო კვლევა ჩაატარა. აღსანიშნავია, ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, რომლის შედეგადაც, ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, იმერეთის რეგიონის და თბილისის თვითმმართველობებში ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების და მართვის საკითხების კვლევებს მოამზადებს, რაც სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე განხორციელებას და ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის პროცესში მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ ფელიქს ჰეტის თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ფონდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრი, ირინა ფრუიძე დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა