თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ემერიტუსი პროფესორი დამანა მელიქიშვილი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

„ძალიან რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც მთელი თაობები აღზარდა. ის არის სახელგანთქმული მეცნიერი, ძალიან კარგი აღმზრდელი და გარდა ამისა, ენერგიული და დადებითი ადამიანი, რომელიც აფრქვევს პოზიტიურ ენერგიას. ასეთი ხალხი არის სახე ჩვენი უნივერსიტეტის. ვუსურვებ ქალბატონ დამანას დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი უნივერსიტეტისა და ქვეყნისთვის კიდევ ბევრი საქმის კეთებას“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის თქმით, მელიქიშვილის ნაშრომები ცნობილია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთშიც, რომლითაც ძალიან ბევრი ქართველოლოგი ხელმძღვანელობს.

„დამანა მელიქიშვილი საქვეყნოდ ცნობილი ენათმეცნიერია, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომი შექმნა და რომელშიც მან გამოიკვლია ქართულ ენასთან დაკავშირებული ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხები. მისი ნაშრომები ცნობილია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთშიც, რომლითაც ძალიან ბევრი ქართველოლოგი ხელმძღვანელობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი დამანა მომავალშიც მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომით გაამდიდრებს ჩვენს ენათმეცნიერებას“, - აღნიშნა გაფრიდაშვილმა.

საიუბილეო საღამოს დამანა მელიქიშვილის სტუდენტები, თანაკურსელები, თსუ პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩემი სტუდენტები, რომლებიც დღეს სიტყვით გამოდიოდნენ ძალიან დიდი სიყვარულით შემხვდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი დაადგენენ იმ გზას, რომელიც ალბათ მე გავუკვალე“, - განაცხადა დამანა მელიქიშვილმა.

მისი თქმით, სტუდენტისთვის მთავარია, რომ სწორედ მასწავლებელმა იპოვოს მისი ინტერესები, დააყენოს გზაზე და ეს გზა გაუკვალოს.

„ჩემი ძველი სტუდენტები, როდესაც სწავლობდნენ მაშინ ურთულესი პერიოდი იყო. თუმცა, იყვნენ ძალიან ძლიერი სტუდენტები კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებიდან და ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობის სფეროში მუშაობდნენ ხელნაწერთა ინსტიტუტში, შემდეგ საზღვარგარეთ კითხულობდნენ ლექციებს და დღეს ცნობილი მეცნიერები არიან. მე ძალიან მიხარია, რომ მოვესწარი იმას, რომ ჩემი სტუდენტები იმ საქმეს მისდევენ, რომელიც ალბათ მე შევაყვარე“, - აღნიშნა დამანა მელიქიშვილმა.

საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა