„შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა“ „ბაზისბანკს“ მორიგი საკრედიტო რესურსი გამოუყო

სტამბოლში „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ რეგიონალურ ბიზნეს ფორუმზე „ბაზისბანკსა“ და „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკს“ შორის საკრედიტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბაზისბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკმა“ „ბაზისბანკს“ 10 მილიონი აშშ დოლარის და 5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოუყო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს საკრედიტო რესურსი „ბაზისბანკს“ მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საქმიანობის შემდგომ ზრდასა და განვითარებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, ხელი მოვაწეროთ კიდევ ერთ საკრედიტო ხელშეკრულებას და განვაგრძოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან, „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკთან“. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კლიენტების ხელშეწყობა. ახალი შეთანხმება მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების შემდგომი ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს. „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკთან“ გრძელვადიანი პარტნიორობა თვალნათლივ ადასტურებს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ნდობის მაღალ ხარისხს. გვჯერა, რომ ახალი შეთანხმება ჩვენი ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ეფექტიანი გაგრძელება იქნება,“ - განაცხადა „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

„შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტის დმიტრი პანკინის განცხადებით, ბაზისბანკთან თანამშრომლობით „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკი“ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს შემოსავლიანობის გაუმჯობესებას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ბისეკის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას.

„დღეს ხელს ვაწერთ ახალ საკრედიტო შეთანხმებას საქართველოში ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფინანსურ პარტნიორთან „ბაზისბანკთან“. პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახორციელებს „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკი“ წევრი ქვეყნის მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით. ბანკი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მათი საქმიანობის საწყისი ეტაპიდან მომდევნო განვითარებამდე, რითაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას და ასტიმულირებს დასაქმებას,“ - განაცხადა დმიტრი პანკინმა.

მისი განცხადებით, „ბაზისბანკი“ ასევე არის „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ პარტნიორი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებაში.

„2012 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ორჯერ გაიზარდა 2013 და 2015 წლებში. დღეისთვის, ბანკის მიერ აღნიშნული ხაზის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ეს საერთაშორისო ვაჭრობის რესურსის ათვისების ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც. საკრედიტო ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დაფინანსებაზე მოდის. თურქეთი რეგიონულ ვაჭრობაში საქართველოს ტრადიციული პარტნიორია, რასაც ხელს უწყობს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა. თურქეთი საქართველოსთვის პირველი იმპორტიორი ქვეყანაა 1.4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, საქართველოს თურქეთში ექპორტის მაჩვენებელი კი, თითქმის 230 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება,“ - განაცხადა „შავი ზღვის ვაჭრობის და განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა