„ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, რომ  ეროვნული ბანკი „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი დაინტერესებული უნდა იყოს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობით, ვინაიდან ეროვნული ბანკი არის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.

„ირაკლი რუხაძე, რომელიც 2017 წლიდან დღემდე იკავებს სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის 2018 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, მიჩნეულ იქნა დამნაშავედ, კერძოდ მან დაარღვია ფინანსური ინტერესების დაცვის (Fiduciary-ფიდუციარული) ვალდებულება და ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია Salford Capital Partners Inteational-ს მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი რუხაძეს 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ეროვნული ბანკისგან ითხოვდა განმარტებას - იკვეთება თუ არა “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა და აღნიშნული გარემოება წარმოადგენს, თუ არა “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის უფლების შეჩერების საკმარის საფუძველს. სადეპუტატო შეკითხვაზე მიღებული ეროვნული ბანკის პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ ბრიტანეთის სასამართლოს მიერ, ირაკლი რუხაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი არ შეიცვას „ინტერესთა კონფლიქტის მართვის“ დებულების დარღვევის ნიშნებს და შესაბამისად არ განიხილება “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, თუმცა განაგრძობს საკითხის შესწავლას კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი სარგებლობს ორმაგი სტანდარტით. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თავდაპირველად შეეზღუდა უფლებები, ხოლო შემდგომ გაიწვიეს სამეთვალყურეო საბჭოდან. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად, ეროვნული ბანკი, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ასახელებდა. საგულისხმოა, რომ ირაკლი რუხაძეს, რომელიც საქართველოში სიდიდით მესამე ბანკის მფლობელია ბრიტანულმა სასამართლომ მილიონობით დოლარის ანაზღაურება დაავალა სხვისი კუთვნილი აქტივების მითვისების გამო. შესაბამისად, ეროვნული ბანკი დაინტერესებული უნდა იყოს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის საქმიანობით, ვინაიდან ეროვნული ბანკი არის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი და იგი აგებს პასუხს ყველა იმ შესაძლო საბანკო ზიანზე, რაც მათი კომპეტენციების ჯეროვნად არშესრულების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა