დავით უსუფაშვილი - როდესაც ივანიშვილმა ალტერნატიული წესებისა და წესრიგის დამკვიდრება დაიწყო, მივედით ვასაძეებამდე

როდესაც ივანიშვილმა ალტერნატიული წესებისა და წესრიგის დამკვიდრება დაიწყო, მივედით ვასაძეებამდე და ბევრ სხვა მსგავს მოვლენამდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილმა ლევან ვასაძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მის გულწრფელობაში ეჭვი შეეპარა.

„ნომერ პირველი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არის ხელისუფლების დეფიციტი. ვასაძემ გამოგვიცხადა თავისი წესრიგი: მე რასაც ვთვლი წესადო, იმის დასაცავად გამოვდივარ გარეთო. ესაა „ქართული ოცნების“ არასწორი მმართველობის პირდაპირი შედეგი, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი გვეუბნებიან: მე ვადგენ წესებს ცხოვრებისასო, მე კერძო ადამიანიო. კონსტიტუციაში რა წერია, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვსო. აგერ, ახლა გამოდის ვინმე ვასაძე და გვეუბნება, ახლა მე დავადგენ ჩემ წესებსო. პანკისში სხვები ამბობენ, ჩვენ ჩვენ წესრიგს დავადგენთო, სხვაგან ბიზნეს წრეებში ამბობენ ჩვენ ჩვენ წესრიგს დავადგენთო, როდესაც ივანიშვილმა გამოგვიცხადა ბიზნესმენებს მე ვეუბნები სასამართლოში არ წახვიდეთ, ჩემთან მოდით, მე მოგარიგებთ და მე გაგარკვევთო. ალტერნატიული წესების და წესრიგის დამკვიდრება დაიწყო, ამან მიგვიყვანა ვასაძეებამდე და ბევრ ასეთ მოვლენებამდე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა საბაბით განვითარდეს.

ამ ყველაფერში მთავარი და საგანგაშო იყო ის, რომ მოქალაქეებმა, მათ შორის ვასაძემ და მისმა მომხრეებმა ასე ღიად და თამამად გვითხრეს, რომ აი, ხვალ ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა, არ გვაინტერესებს კანონი და პოლიციაო და ახლა თუ უკან დაიხია, ეს მისი პოლიტიკური მანევრია. მე არ მგონია, რომ სახელმწიფო ვიღაც ვიღაცებს პოლიტიკურ მანევრებში უნდა აჰყვეს. ზოგადად მე ვიქნები თუ ვასაძე, თუ კანონი დავარღვიე, უნდა ვაგო კანონის წინაშე პასუხი. ბოლო დღეებში განსაკუთრებით შემეპარა ეჭვი ვასაძის გულწრფელობაში. მე მასში გაცილებით მეტი სიყალბე და პერფორმანსი დავინახე, ვიდრე გულწრფელი სურვილები - პოლიტიკურ პროცესებში ყველას თავისი ხედვა აქვს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.