„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ორგანიზებით, ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა

სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ორგანიზებით, ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენცია პროექტის დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ გახსნა.

"მოხარულები ვართ, მივიღოთ ჩვენი სტუმრები ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მეოთხე კონფერენციაზე. წელს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის მეხუთე იუბილეა და უმნიშვნელოვანესია, აღვნიშნოთ ეს წარმატებული ხუთი წელი. დღეს ჩვენი დისკუსიები შეეხება ინვესტიციას, კლიმატს საქართველოში, მომსახურების სტანდარტებსა და კრიტერიუმებს საქართველოს ბაზარზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაუმჯობესდეს ისინი. ვსაუბრობთ მსოფლიოში საქართველოს ცნობადობაზე, ასევე, გამოვაცხადებთ დაჯილდოების ახალ ნომინაციებს და შევეხებით კონკურსის ახალ კრიტერიუმებს", - განაცხადა მარინა ჩაიკამ.

სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძე. მისი თქმით, ტურიზმთან დაკავშირებით ძირითად გამოწვევას სხვადასხვა სერვისის მიწოდება წარმოადგენს.

„ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია ყოველწლიურია, 2015 წლის შემდეგ, უკვე მეოთხედ იმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციაა, სადაც ამ სექტორში მოღვაწე ბიზნესს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ იმ სიახლეებს, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა ტურისტული სერვისების განვითარების მიმართულებით ახორციელებს. ეს უნიკალური საშუალებაა ასევე იმისთვის, რომ გაიცვალოს ინფორმაცია იმ გამოცდილებისა და სერვისების შესახებ, რასაც ბიზნესი საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს. აღნიშნული ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, სერვისის სექტორში ტურიზმს 77% უკავია, შარშან 8 700 000- ზე მეტი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. გვაქვს კონკრეტული გეგმა, ტურიზმის განვითარების 2025 წლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნობრივ ბაზრებზე, რათა 11 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს მივაღწიოთ, ასევე, შევთავაზოთ სერვისები, რომელიც მოიზიდავს მაღალ გადახდისუნარიან ტურისტს. ძირითადი გამოწვევა სერვისებია, რომელთაც გარკვეულწილად, ვერ ვთავაზობთ, მაგრამ აღნიშნული სერვისების მიწოდების მიმართულებით სახელმწიფოს აქვს გადამზადების ტრენინგ-კურსები, რომელიც კერძო სექტორის ჩართულობით აუცილებლად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში და მოიზიდავს მეტ ტურისტს", - აღნიშნა არველაძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი დანელიამ კი განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში მთავარი გამოწვევაა, რომ ტურისტებმა ქვეყანაში მეტი თანხა დახარჯონ.

„ეს კონფერენცია სექტორის განვითარებისთვის და ამ სექტორში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიისთვის საკმაოდ კარგი პლატფორმაა. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მათ შორის ტურიზმში არსებული გამოწვევები. ასევე, ახალი პროექტების შესახებ ხდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. უკვე მეორე წელია, „საპარტნიორო ფონდი“ ამ ღონისძიებას მხარს უჭერს. საკმაოდ აქტიური წვლილი შეგვაქვს სექტორის განვითარებაში, ტურიზმის მიმართულებით ჯამში დაახლოებით 200 მილიონამდეა ჩვენი საინვესტიციო პორტფელი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობითაც ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ სხვადასხვა კომპანიას და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა. მთავარი გამოწვევაა, ტურისტებმა მეტი ფული დახარჯონ საქართველოში ვიზიტის დროს, ეს პირველი საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს უახლოეს მომავალში", - განაცხადა დანელიამ.

კონფერენციაზე სფეროს წამყვანი პროფესიონალები, ბაზრის მიმწოდებლები და საველე ექსპერტები წარადგენენ თემატურ პრეზენტაციებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, არსებულ სტატისტიკაზე. 4 სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ისეთი საკითხებს, როგორიცაა: სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები; პასუხისმგებელიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა; საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება. ამასთან, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ორგანიზატორები აუდიტორიას გააცნობენ პროექტში მიმდინარე სიახლეებს, ჟიურის ახალ შემადგენლობასა და ახალ ნომინაციებს. კონფერენციის ფარგლებში იმართება B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან; ასევე, „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალური პრეზენტაცია.

ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციას 350-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი ესწრება.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და „საპარტნიორო ფონდი“, თანაორგანიზატორები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“, პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია „ბიდიო“ საქართველო, გენერალური სპონსორი კი „ალიანს ჯგუფი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა