ირაკლი ოქრუაშვილი - განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის მიზანია არეულობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს

მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას და პოლიციას მიმართავს. ოქრუაშვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებით, ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ჩამოიშალოს.

ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას და პოლიციას მოუწოდებს, სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები დაიცვან.

"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ქვეყანაში, სადაც კონსტიტუცია კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანის ნება-სურვილზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული, მეორეხარისხოვანს ხდის დემოკრატიას და მის ფუნდამენტურ ღირებულებებს - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მაიკ პომპეოს განცხადებების ფონზე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაფიქრებინა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან ვიდრე ფასეულობათა ბრძოლასთან. განვითარებული მოვლენები ასევე გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა იდგეს ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა, რამაც შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ივანიშვილს. ჩვენს წინაშე დგას ამოცანა: დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასხლიდან წართმეული ძალაუფლება. ასევე მივმართავ თითოეულ პოლიციელს - დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულ ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება და მათი მხრიდან სახელმწიფოს ინტერესების ხელში აღება", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დადგეს და წესრიგის დამყარება საკუთარ თავზე იტვირთოს.

"ჩვენ ძალიან მარტივად დავინახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ შესაძლოა, სახელმწიფო ჩამოგვეშალოს ორი ურთიერთდაპირისპირებული, რაღაც ინტერესთა ჯგუფების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფების ჭიდილის შედეგად. კონსტიტუცია და კანონები ნომერ პირველი ამოსავალია თითოეული ჩვენთაგანისთვის. არავის, არც ვასაძეს არც ოქრუაშვილს, არც ივანიშვილს არ აქვს უფლება საკუთარი თავი კონსტიტუციაზე და კანონებზე მაღლა დააყენოს და თვითონ შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის შეფასებით, მსგავსი პროცესების განვითარების შედეგად ყურადღება გადადის ამ მოვლენებზე, იმ დიდი გამოწვევებიდან რომელიც ქვეყანას დღეს აწუხებს.