ტექნიკურ უნივერსიტეტში სოლიდარობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოლიდარობის ფონდმა საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტუ-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩართულობა თანხების მობილიზების მიზნით, რაც ფონდს საშუალებას მისცემს, განაგრძოს 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და სამომავლოდ, პროგრამების გაფართოება.

„სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, 16 385 237 ლარი იქნა მობილიზებული. ეს საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტ საჯარო უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებსა და 78 ორგანიზაციასთან, მათ შორის 62 კერძო კომპანიასთან პარტნიორობის შედეგია. საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ფონდმა სიმსივნით დაავადებული 653 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება შეძლო. 283 ბავშვსა და ახალგაზრდას სამედიცინო დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაუფინანსდა საქართველოში. 370 ახალგაზრდას კი სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა, როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში. ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ფონდში მიმართვიანობის მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რადგან უწყვეტად შევძლოთ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სტაბილურად დაფინანსება,“ - განაცხადა ია მაქაცარიამ.

როგორც შეხვედრის დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება და მზარდი ჩართულობა, რათა სოლიდარობის ფონდმა შეძლოს თავისი პროგრამებისა და საქმიანობის არეალის გაფართოება.

„ჩვენ მოვისმინეთ ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და ვნახეთ ვიდეორგოლები, რომლებშიც აღბეჭდილია უმძიმესი დაავადებით შეპყრობილი ახალგაზრდების მდგომარეობა, რაც ძალიან მძიმე სანახავია. მადლობა ფონდს, რომ გვაძლევს საშუალებას ჩვენც შევიტანოთ მოკრძალებული წვლილი სოლიდარობის ფონდის მუშაობაში. დიახ, სიკეთე გადამდებია და ჩვენ მზად ვართ, ბავშვების სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა