მამუკა მდინარაძე - გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება გადახალისდეს კონკრეტული სფერო - ახალი ენერგია გაჩნდეს

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ გამოწვევებს და რეფორმებს ეკა ტიკარაძე კარგად შეუდგება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მე დარწმუნებული ვარ, ის კიდევ დიდი ხანი გამოადგება ჩვენს ქვეყანას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დავით სერგეენკო არის წარმატებული სფეროს ძალიან წარმატებული მინისტრი და ამაზე ალბათ საქართველოში ყველა თანხმდება.

„გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ყოველთვის არის საჭიროება გადახალისდეს კონკრეტული სფერო - ახალი ენერგია გაჩნდეს. ახალი გამოწვევების პარალელურად, სფერო ჩაიბაროს ისეთმა ადამიანმა, ვისაც კარგი მენეჯერული გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ამ გამოცდილებების ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ გამოწვევებს და რეფორმებს ეს ადამიანი კარგად შეუდგება. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, მე დარწმუნებული ვარ ის კიდევ დიდი ხანი გამოადგება ჩვენს ქვეყანას",-აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება გადახალისება იუსტიციის სამინისტრშიც, მამუკა მდინარაძე კონკრეტულად არ პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს იღებს იმ სფეროში, სადაც დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ადამიანის შემცვლელი არის კარგი მენეჯერი, კარგი განათლებით. ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები ჰქონდა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება ბიძინა ივანიშვილის კადრებით ხდება, მდინარაძე პასუხობს, რომ "ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს“.

„ოპოზიცია სასაცილო კომენტარებსაც აკეთებს და ცდილობენ იუმორის ჟანრში გადაიტანონ. თუ საუბარია გამოცდილ, განათლებულ და კარგ მენეჯერზე, დამატებითი არგუმენტები ყურადღება მისაქცევი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ მთავარია სფეროს ჰყავდეს წარმატებული ლიდერი, რომელიც ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ეს გააკეთა დავით სერგეენკომ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო