გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას, განახლებად ენერგიებს და ენერგოეფექტურობას მიეძღვნა.

გიორგი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, რომელშიც რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტების განხორციელებაში გაზარდოს, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით.

თავის გამოსვლაში ფონდის დირექტორი, ასევე, შეეხო ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გადადგა.

ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის და მალტის ენერგეტიკის მინისტრებმა, ასევე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.

საქართველომ ენერგეტიკულ ქარტიის დამფუძნებელ ხელშეკრულებას ხელი 1991 წელს მოაწერა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ერთი წლის ვადით გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა