18 ივნისიდან ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დავით გიგინეიშვილი ჩაუდგება სათავეში, - ინფორმაციას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. დავით გიგინეიშვილი მანამდე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მუშაობდა და სამშენებლო პოლიტიკის მიმართულებას კურირებდა.
„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უმნიშვნელოვანესი საჯარო უწყებაა. მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია მთელი რიგი რეფორმების სრულფასოვანი განხორციელება, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვატარებთ. სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა პროფესიონალ მენეჯერთან ერთად ისინი წარმატებით დაძლევენ ახალ გამოწვევებს და ჩვენი დახმარებით, სააგენტოს თანამედროვე დასავლური ტიპის მარეგულირებელ უწყებად გარდაქმნიან, სადაც გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღება, ხოლო მისი განხორციელება გაცილებით ეფექტური იქნება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. კაკაურიძე აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
გრიგოლ კაკაურიძის გათავისუფლების მიზეზი მისივე ბრძანება გახდა, რომლის თანახმადაც სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს” დაუმტკიცდა საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.