გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იწყებს ფართომასშტაბიანი პროექტის რეალიზებას სიძულვილის გამოვლინების წინააღმდეგ. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა.
„გაეროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიწყებთ - ეს არის ამბიციური გეგმა გაეროს მთელი სისტემის ფარგლებში სიძულვილის გამოვლინების შესამცირებლად და მის საწინააღმდეგოდ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ“ , - განაცხადა გუტიერეშმა.
მისი თქმით, პროგრამა ორ მიზანს მისდევს, რომელთაგან ერთი - ძალისხმევის გააქტიურებაა სიძულვილის წაქეზების ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად.
„ეს ძირეული მიზეზებია ძალადობა, მარგინალიზაცია, დისკრიმინაცია, სიღარიბე, იზოლაცია, უთანასწორობა, საბაზისო განათლების არქონა და სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ საკითხებიდან უმეტესობას ვწყვეტთ ხელისუფლებების მხარდაჭერით მდგრადი განვითარების სფეროში არსებული დღის წესრიგის განხორციელების საკითხში 2030 წლის პერიოდში. თუმცა, ეს ახალი სტრატეგია წინ მიდის და იძლევა კოორდინირებული საპასუხო ზომების რეკომენდაციას, მათ შორის მათი გამოვლენისთვის ძალისხმევას, ვინც მონაწილეობს სიძულვილის გაღვივებაში და მათი, ვისაც ყველაზე კარგად შეუძლია მას შეეწინააღმდეგოს,“ - განმარტა გუტიერეშმა.
მისივე თქმით, მეორე უმთავრესი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გაეროს მიეცეს შესაძლებლობა, ეფექტურად მოახდინოს რეაგირება საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებაზე.