ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2019

საჩხერული ტრამპლინი - “ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრის შერჩევისას საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა”

სახელმწიფო დიდი გამოცდის წინაშე - "თბილისი პრაიდი" ჩატარდება

***

საჩხერული ტრამპლინი - “ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრის შერჩევისას საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა”

“მედიაში გავრცელებული ცნობა ამჯერადაც გამართლდა, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობიდან გაუშვეს და მის შემცვლელად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა, რომელიც წინამორბედის მსგავსად პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კადრია - საჩხერის კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორი. 42 წლის ეკატერინე ტიკარაძე ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ საჩხერის კლინიკას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა და ოპოზიციამ ასევე თქვა ისიც, რომ ის ივანიშვილის პირადი სტომატოლოგია. ცნობისთვის, სერგეენკოც ამავე კლინიკის დირექტორი იყო გამინისტრებამდე და ასევე - ივანიშვილის ოჯახის ექიმიც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საჩხერული ტრამპლინი - “ივანიშვილი ჯანდაცვის მინისტრის შერჩევისას საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა”

"მინისტრობიდან სერგეენკო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს მრჩევლად. მრჩევლად გადაინაცვლებს. მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრების გადაყვანა ეს „ქართული ოცნების" ერთგვარი პრაქტიკაცაა, ასე პრემიერის მრჩეველი იყო ცოტა ხნით კულტურის მინისტრობიდან გაშვებული გურამ ოდიშარიაც და უკვე ერთი წელია მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია ასევე მინისტრობიდან გაშვებული კახი კახიშვილიც. სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა და ახლის დანიშვნა ბრიფინგზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს. ბრიფინგზე დავით სერგეენკომ თქვა, რომ წასვლა მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ბოლო კვირებია კონსულტაციებს მართავდა პრემიერთან. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ბოლო 2 კვირაა მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტად იმყოფებოდა და ამ ვიზიტამდე სერგეენკოს შესაძლო წასვლაზე საუბრები არ ყოფილა, ამიტომაც გაჩნდა კითხვა, რა ასეთი აუცილებლობა იყო, რომ ოკეანის გაღმიდან გამართულიყო კონსულტაციები ცვლილებაზე. ამასთან, წინა დღით მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ახალ მინისტრებს ივანიშვილი ნიშნავს თუ არა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველა საკადრო ცვლილებას გეგმავს და ახორციელებს თავად. საჩხერის კლინიკის დირექტორის დანიშვნის შემდეგ კი ასევე გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა - რატომ შეარჩია ბახტაძემ მაინცდამაინც საჩხერის კლინიკის დირექტორი და ივანიშვილთან ასოცირებული კადრი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამჯერად 12-წევრიან მთავრობაში ივანიშვილის პირად კადრად მიჩნეულია 4 მინისტრი - თავად პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ახლად დანიშნული ეკა ტიკარაძე. გარდა ამისა, მთავრობაში შეუცვლელ მინისტრად მხოლოდ იუსტიციის უწყების ხელმძღვანელი თეა წულუკიანი დარჩა, რომელიც 7 წელზე მეტია ინარჩუნებს პორტფელს დიდი კრიტიკის მიუხედავად. ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე რეიტინგული მინისტრი დავით სერგეენკო კი პორტფელის გარეშე დარჩა. სერგეენკოს უწყებას უკავშირდება „ოცნების" ხელისუფლების ორი მთავარი პროექტი - საყოველთაო ჯანდაცვა და "ცე ჰეპატიტის" ელიმინაციის პროგრამა. ასევე სერგეენკო მუდმივად იყო ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრი სოციოლოგიურ კვლევებშიც. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც აპრილში ჩაატარა "ენ-დი-აი"-მ, ხალხის სიმპათიებით სერგეენკო და კახა კალაძე ლიდერობენ 40-40%-ით. ივანიშვილი კი ამავე კვლევით ანტირეიტინგის ლიდერი იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

"იმ ფონზე, როცა „ოცნების" რეიტინგი სულ უფრო და უფრო ეცემა და მუდმივად საუბარია იმაზე, რომ მმართველ პარტიას კადრების მოძიება უჭირს, პოლიტოლოგების ნაწილის თქმით, სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა „ოცნების" რეიტინგისთვის წამგებიანი ნაბიჯია. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში სერგეენკოს გაშვება სარისკო ნაბიჯია. „სერგეენკოს და ერთი წლის წინ კახი კახიშვილის მინისტრობიდან გაშვება არ არის „ოცნებისთვის" წარმატებული ნაბიჯი. თითოეული ასეთი ადამიანის ჩრდილში გადაყვანა აკლდება „ოცნების" რეიტინგს. თუმცა, მაგალითად კახიშვილის ჩრდილში გადაყვანისას კარზე მომდგარი არ იყო არჩევნები და მაშინ არც ასეთ მძიმე მდგომაროებაში იყო „ოცნება". "დღეს უკვე ძალიან სარისკოდ მეჩვენება სერგეენკოს გარეშე შეხვედრა ამომრჩეველთან 2020 წელს. ვნახოთ, შესაძლოა ახალი ცოცხი უკეთესია რეფორმებისთვის და ახალმა მინისტრმა ერთ წელიწადში საზოგადოებისთვის საგრძნობი რეფორმები განახორციელოს, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რადგან, მაშინაც სერგეენკომ საკმაოდ მცირე დროში გადადგა ის ნაბიჯები, რამაც პოპულარული გახადა, მაგრამ თავისთავად ეს სარისკო ცვლილებაა", - მიიჩნევს საყვარელიძე. მისი თქმით, სერგეენკოს პოპულარობა მოიტანა იმან, რომ დღეს ოჯახს ახლობლის მკურნალობისთვის სახლის გაყიდვა აღარ უწევს, თუმცა თვლის, რომ პრობლემები მაინც დარჩა და ახალი მინისტრისთვის არის პოპულარული ნაბიჯების გადადგმის რესურსი, იგივე მედიკამენტების ძალიან დიდი ფასებისა და მონოპოლიებთან ბრძოლა. გარდა ამისა, საყვარელიძე ამბობს, რომ როგორც თავად იცის, სერგეენკოს თვითონ უნდოდა წასვლა უკვე დიდი ხანია და შესაძლოა „ოცნების" ხელმძღვანელობას სულაც არ უნდოდა სერგეენკოს გაშვება, მაგრამ მოუწიათ”, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ სერგეენკოს მინისტრობიდან წასვლა თავად სერგეენკოს სურვილით მოხდა და მოლოდინი აქვს, რომ ექსმინისტრი სულ ცოტა ხანში პროფესიაში დაბრუნდება. „ქართულ ოცნების" რეიტინგისთვის პრობლემური იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება, ამაზე ლაპარაკი აზრს კარგავს, იმიტომ რომ, „ოცნებას" იმდენი პრობლემა აქვს, ერთით მეტი ექნება თუ - ერთით ნაკლები, რა მნიშვნელობა აქვს?! ისევე როგორც სისულელეა და ვერ განხორციელდება ვითომ ახალი სახეების მიზიდვა. „ქართული ოცნება" პარტია და სახეები არ არის, მხოლოდ ერთი ადამიანია თავიდან ბოლომდე. მთელი მინისტრთა კაბინეტი რომ გადადგეს ხვალ, არაფერი შეიცვლება," - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, ამ ცვლილებაში დიდი ხარვეზია ის, როდესაც ასეთ მაღალ თანამდებობაზე საჩხერეს ვერ გასცდნენ და ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს ჯერ ერთი დირექტორი, შემდეგ კი მეორე დირექტორი დაინიშნა, რაც აძლიერებს ივანიშვილის მიმართ პრეტენზიებს. „ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც მისკენ ხელს იშვერს საზოგადოება და ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. როცა ის ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, თუნდაც სწორი იყოს, ეს მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება. "ჯანდაცვის მინისტრის შერჩევის საქმეში საჩხერის საავადმყოფოს ვერ გასცდა. ეს აღიზიანებს საზოგადოებას. როცა ამ განწყობას არ ითვალისწინებ, ე.ი. პატივს არ სცემ საზოგადოებას და ეს უპატივცემლობა ადრე თუ გვიან ცუდად მთავრდება... ახლა ბახტაძემ რამდენიც არ უნდა თქვას, რომ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალბატონი საჩხერის საავადმყოფოდანაა, ვინ დაიჯერებს ამას?! შესაბამისად, მმართველობითი სისტემა ამიტომაა დაზიანებული", - აცხადებს ხუხაშვილი”, - წერს სტატიის ავტორი.

სახელმწიფო დიდი გამოცდის წინაშე - "თბილისი პრაიდი" ჩატარდება

"თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება - გაიმართებოდა თუ არა "თბილისი პრაიდი", ორგანიზატორებს ამაზე გადაწყვეტილება 18 ივნისს უნდა მიეღოთ. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება და ის ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სახელმწიფო დიდი გამოცდის წინაშე - "თბილისი პრაიდი" ჩატარდება / "არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს - შევაკვდებით”

"ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედება სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისია, რაც საფრთხეში აგდებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. "სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები,"- ნათქვამია განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დაკითხვაზე უკვე დაიბარეს ე.წ. სახალხო ლეგიონის ორი მეთაური, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ასევე დაკითხვაზე ჰყავთ გიორგი მამარდაშვილი და დავით ბერიძე. არაფორმალური დაჯგუფების შექმნა სისხლის სამართლის დანაშაულია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რაინდობის მიუხედავად, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ აარიდებს. იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ ვასაძის მიმდევრები გააფრთხილა და მუხლი რომლითაც ძიება მიმდინარეობს, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რადიკალთა ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმრობისთვის მზად არიან. არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ პოლიციას მოქმედებისთვის ცოტა დრო აქვს, ფორმალურად გამოძიების დაწყება და საქმის თაროზე შემოდება ამჯერად არ გამოვა”, - განაგრძობს გამოცემა.

"უკანონო ფორმირებების შექმნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვების სერია დაიწყო. თუმცა, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ რამდენად გრძელია დასაკითხ პირთა სია და მოხვდნენ თუ არა მის სათავეში რადიკალური მოძრაობის მთავარი ლიდერები. გამოძიების მიუხედავად, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, ჯერჯერობით, გეგმების შეცვლას არ აპირებენ. „არ ჩავატარებინებთ გეი აღლუმს, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს. შევაკვდებით," - ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრემ გააკეთა. ბიზნესმენის დაჯგუფების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით წინ აღუდგებიან ლგბტ თემს და პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ. ვასაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი, რევაზ გაგნიძე სამართალდამცავების მისამართით აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ აქტივისტებს დაარბევს, მაშინ ისინი "საკადრის პასუხს" გასცემენ. თუმცა, რა იგულისხმება სამართალდამცველების მისამართით გასაცემ საკადრის პასუხში, ამას გაგნიძე არ აკონკრეტებს. „ხის კომბალი არ ეკუთვნის არცერთ ცივ იარაღს და არც ცხელ იარაღს. თუ ის აინტერესებს გამოძიებას, რომ როგორი ჯიშის კომბალი რომელი ხისგან არის გამოთლილი, თუ მაგის ექსპერტიზა აინტერესებს, სხვა საქმეა. "დაზიანებას რომ მიიღებს ადამიანი, იურიდიულად ასე ჰქვია, მაგის მერე იწყება მაგაზე გამოძიება კონკრეტულ საქმეზე, რომელიც იქ არ მოხდება. არავინ არ მოვა იქ კომბლით, ეგ არის ზღაპარი. თუ ამ უწმინდურების გულისთვის, პოლიცია დაიწყებს ხალხის დარბევას, მაგ შემთხვევაში, ხალხი გასცემს საკადრის პასუხს, რა ფორმა იქნება, მაგას მერე დაინახავთ," - განაცხადა რევაზ გაგნიძემ”, - დასძენს გამოცემა.

"პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე სახალხო ლეგიონის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი იმყოფებოდა. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ის სამართლიანობისთვის იბრძვის. გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწორედ ისინი უწყობენ ხელს გარყვნილების პროპაგანდას. „ჩვენ ველით რომ, როდესაც სოდომს იცავს სახელმწიფო, იმ სახელმწიფომ შეიძლება კანონი გადაამეტოს და მან შეიძლება უკანონობა ჩაიდინოს და ხალხი ფიზიკურად დახოცოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგროვებთ ბიჭებს, რომელიც სწორედ ამას ფიზიკური ძალით, თავისი დაცვით დაიცავენ. პოლიციის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალონ გარყვნილების პროპაგანდას. ჩვენ ვიცავთ კანონს, პოლიცია გარყვნილების პროპაგანდას ხელს უწყობს. ამიტომ, პოლიცია გამოდის ჩარჩოებიდან კონსტიტუციის," - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ფიქრობს, რომ ამ თემის გააქტიურებით როგორ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არიან კონკრეტული ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი მიზნები ამოძრავებთ. აქციების ჩატარება, ჩიტაძის აზრით, ორივე დაპირისპირებული მხარეებისთვის ხელსაყრელია, რათა შემდეგ ამ თემით მანიპულირება და მისი სათავისოდ გამოყენება შეძლონ. „ორივე მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით არაგულწრფელია. „თბილისი პრაიდის" განცხადებები, რომ დავიცვათ უმცირესობები და ესაა მათი მთავარი გზავნილი გასაგებია, მაგრამ ყოველთვის გვავიწყდება, რომ უმრავლესობის უფლებებიც არსებობს. მინახავს ასევე, თავად სექსუალური უმცირესობებიც უმრავლესობის ინტერესებს როგორ არღვევენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. "ლგბტ თემის წევრების მხრიდან ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩაგვრის იმიტაციას როგორ ახდენენ. ასევე მათი გამოხატვის ფორმები. ეს არ არის დემოკრატია, დემოკრატიაა, როცა სხვის უფლებებს და რელიგიურ შეხედულებებსაც პატივს სცემ. ესაა ფსევდო ლიბერალიზმი, რომლის მიხედვითაც შენი ქვეყნის დისკრედიტაციას შენივე ინტერესებისთვის ცდილობ. "მსგავსი პრეტენზიები ცხადია მეორე ჯგუფის მიმართაც არსებობს. სამწუხაროდ გამოდიან ადამიანები, რომლებიც მართლმადიდებლურ და რელიგიურ ღირებულებებზე საუბრობენ და რუსეთუმეები არიან. ასეთ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არა აქვთ უფლება, რომ ერის სახელით ისაუბრონ. თუ ჰეტერო სექსუალი ხარ და გაჰყვირიხარ ქრისტიანი ხარ, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ მაგარი ადამიანი ხარ. გეიც შეიძლება კარგი ადამიანი იყოს და გარკვეული პიროვნული ღირებულებებით ჰეტეროსაც აჯობოს", - აცხადებს ჩიტაძე "რეზონანსთან", - წერს სტატიის ავტორი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა