ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადადის

თბილისში, მშენებლობების დროს კანონდარღვევის შემთხვევაში დამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი სამშენებლო კანონდარღვევების აღკვეთის კუთხით “არც თუ ისე ძლიერია“.

„ვინაიდან, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში და ჩვენს დედაქალაქში მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართლადარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად მაინც ახერხებენ სამშენებლო დარღვევების ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. არაერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული ასეთი და ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანოთ. ჩვენ ვნახეთ ყოველდღიურობაში თუ რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს ეს ქალაქისთვის ურბანული განვითარების თვალსაზრისით და ა. შ.

შესაბამისად, მე დავავალე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ კანონპროექტზე მუშაობა და დღეს უკვე დასრულებულ პაკეტს გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი ჩართულობა იქნება ამ კანონპრექტის განხილვაში და თუ იქნება რამე კითხვები, ჩვენ მზად ვართ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გავცეთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კანონდარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა, პრობლემა მაინც აქტუალურია.

„როგორც ჩანს, ჯარიმების ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია იმ პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით მშენებლობის დროს იღებს. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ცვლილებების განხორციელება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, მთავარი არის ქალაქის ურბანულად სწორად განვითარება და მიგვაჩნია, რომ არც ერთი ჯარიმა და მის ხარჯზე ბიუჯეტში შესული თანხები არ არის იმ ზიანის ტოლფასი, რომელსაც სამშენებლო დარღვევების შედეგად ზოგიერთი სამშენებლო კომპანია აყენებს ქალაქს.

შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ჩვენ გავხდით იძულებული, რომ წავსულიყავით რადიკალიზაციაზე და რადიკალური ზომები მიგვეღო. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთ სამშენებლო მიმართულებით დარღვევებზე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას. თუკი ადმინისტრაციულში გადადოდა დარღვევები, უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მექანიზმი გარკვეულწილად მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც გვაწუხებს ქალაქში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უამრავია ასეთი შემთხვევები მშენებლობების თვალსაზრისით.

კონკრეტულად დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში უფრო ვრცელი პრეზენტაცია მომზადდება. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტის მიღებაში ყველა დეპუტატი მაქსიმალურად ჩაერთვება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო