გიგა ბოკერია ლევან ვასაძის განცხადებაზე - პროგრესი მაქვს - ადრე ჩემს დაჭერას ითხოვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიზნესმენ ლევან ვასაძეს „დეგრადირებულ კლოუნს“ უწოდებს.

როგორც ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ მისი მისამართით ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, მთავარი პრობლემა არა ვასაძის განცხადებები, არამედ ისაა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის დაცვა არ შეუძლია.

„პროგრესი მაქვს - ადრე ჩემს დაჭერას ითხოვდნენ, ახლა ამ კაცს ჩემთან ერთად კამერაში ყოფნა უნდა. ვასაძეს უნდა ჰკითხოთ, რა მოტივი აქვს ჩემთან ერთად საკანში ყოფნის.

სერიოზულად რომ გიპასუხოთ, ამ დეგრადირებული კლოუნის განცხადებები არ არის მთავარი საკითხი და პრობლემა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია დაიცვას სამოქალაქო მშვიდობა. მას არ შეუძლია ძალადობისგან დაიცვას რომელიმე ჯგუფი - ასეთი ხელისუფლება არ უნდა გვყავდეს. ისევე როგორც არ უნდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ პუტინთან არის დაკავშირებული და ალიანსშია პუტინისგან მართულ ძალებთან. ესაა პრობლემა, რაც უნდა გადავწყვიტოთ.

ზოგადად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს პროპაგანდისტული ოპერაცია, რომ თურმე უმცირესობის ელემენტარული უფლებების დაცვა, საფრთხეს უქმნის ჩვენს ტრადიციულ ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და სისულელე. რეალურად სწორედ თავისუფალ სამყაროშია ლიდერი ეს ინსტიტუტები: ოჯახი, ეკლესია...ხოლო რუსეთში ხდება კატასტროფა ამ თვალსაზრისით...

საზოგადოებამ კითხვა უნდა დასვას ამ ფსევდოპატრიოტული ზნეობისდამცველი მოძრაობის ლიდერების მიმართ, რომელთაც ხელისუფლება მფარველობს, რატომ არიან ღია ალიანსში პუტინის ხელისუფლების იდეოლოგებთან, რატომ ფინანსდებიან პრიმაკოვის ფონდიდან?! - ეს არის ძალიან ლეგიტიმური კითხვები და ხომ არ არიან ფარისევლები, რომლებიც ხშირად საკუთარი პრობლემების, საკუთარი პერსონალური კომპლექსების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულები?!“, - დასძინა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა