სულხან სალაძე „თბილისი პრაიდის“ ჩატარებაზე - მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს შსს-ს, ეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას კანონით აკისრია

შსს საუბრობს იმაზე, რომ მან შეიძლება ვერ უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს სამართალდამცავ ორგანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისგან, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება და მობილიზება უნდა მოახდინოს უწყებამ ამ საკითხიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებისა და შსს-ს პოზიციის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია დააფიქსირა შსს-მ, ეს არ ათავისუფლებს სამართალდამცავ ორგანოს, რომ დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება. საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონი ყველას მიმართ თანაბრად ვრცელდება.

„მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს სამინისტროს, ეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას კანონით აკისრია. ეს არის წესრიგი, უსაფრთხოება, ეს არის დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებების მიღება, თუკი ვინმე შეეცდება, რომ უკანონოდ ხელი შეუშალოს მანიფესტაციას ან მსვლელობას, არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მეორე მხარეს ვინ არის. კანონი აბსოლუტურად თანაბარ და ერთიდაიგივე პირობებში აყენებს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა სურს, ვისზეც ვრცელდება ამ უფლების გამოყენება და ბუნებრივია, კანონი არ მიჯნავს ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური, გენდერული ან რაიმე სხვა ნიშნით, რომლის შემთხვევაშიც შესაძლოა, სამინისტროს შეიძლება ეთქვა, რომ ეს შეკრება არის უკანონო. ცხადია, სამინისტრო არც ამბობს, რომ ეს შეკრება ან პრაიდის გამართვა იქნება უკანონო. შსს საუბრობს იმაზე, რომ მან შეიძლება ვერ უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს სამართალდამცავ ორგანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება და მობილიზება უნდა მოახდინოს უწყებამ ამ საკითხიდან გამომდინარე“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, შსს-ს განცხადება უსაფრთხოების რისკებზე სასიამოვნო არ იყო, ვინაიდან ხალხი ხელისუფლებას არ ირჩევს მხოლოდ მარტივი საკითხების მოსაგვარებლად.

„ცხადია, ეს არ არის ის განცხადება, რომლის მოსმენაც სასიამოვნოა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვირჩევთ და შესაბამის უწყებებს გადაწყვეტილებების მიღების მანდატს ვაძლევთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტივი და იოლი საკითხები მოაგვარონ, არამედ მათ შორის რთული და ურთიერთწინააღმდეგობრივი საკითხების მიმართაც ჰქონდეთ იმ ტიპის მზაობა, რომ რეალურად ისინი შეძლებენ პრობლემების პრევენციას ან თუ პრობლემა სახეზეა, ამ პრობლემის გადაჭრას და მოგვარებას. ამიტომ განცხადება, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც არაა იმ ტიპის განცხადება, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ დადებითს მატებს სამინისტროს“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა. ამის მიუხედავად, ორგანიზატორებმა 18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თბილისი პრაიდი“ ჩატარდებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა