ადვოკატთა ასოციაცია - მოვუწოდებთ ასოციაციის წევრებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს

ადვოკატ დავით ცინცქილაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, ადვოკატთა ასოციაცია გამოეხმაურა.

აღნიშნული კომენტარი ცინცქილაძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ გააკეთა, სადაც ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვა მიმდინარეობდა.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატმა თავისი ფუნქციების განხორციელებისას თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებს, დააზიანოს იურიდიული პროფესიის რეპუტაცია და გამოიწვიოს ადვოკატის კლიენტთან გაიგივება.

„ადვოკატის საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, სამართლის უზენაესობისა და კლიენტის უფლებების დაცვის პრინციპებს. ამასთან, ადვოკატს, როგორც საჯარო ფუნქციის მატარებელ სუბიექტს, გააჩნია განსაკუთრებული როლი მართლმსაჯულების სწორად და სამართლიანად განხორციელების პროცესში.

აღნიშნული პრინციპების განუხრელი დაცვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებში, რომელმაც, შესაძლოა, საზოგადოებაში დაძაბულობისა და დაპირისპირების საფრთხე შექმნას.

მართალია, კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოდგენისას ადვოკატი სარგებლობს სტრატეგიის შერჩევისა და დაცვითი სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით, მაგრამ თითოეულმა ადვოკატმა თავისი ფუნქციების განხორციელებისას თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებს, დააზიანოს იურიდიული პროფესიის რეპუტაცია და გამოიწვიოს ადვოკატის კლიენტთან გაიგივება.

მოვუწოდებთ ასოციაციის წევრებს, კონკრეტულ საქმეებზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, დაიცვან ზემოაღნიშნული პრინციპები და არ გასცდნენ ადვოკატის როლს“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის მიმართვაში.

„ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენზე ხელის აღმართვას გაბედავენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა. პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს. ამის ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ.

პოლიციის კორდონები გაირღვევა იმ შემთხვევაში, თუკი, პოლიცია ამგვარი უზნეობის, მამათმავლების, ლესბოსელების და წარმართების აქციის, პარადის და მსგავსი სახის აქციის ჩატარებას შეეცდება ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში“, - განაცხადა გუშინ დავით ცინცქილაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა