ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მეზობელი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია

ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 26-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა ქრისტიანობის როლის შესახებ საქართველოში და აღნიშნა, რომ ქართველი ერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქრისტიანობა ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარა და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

„თქვენი მასპინძელია ქვეყანა, რომელიც რწმენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართულ ხელოვნებას, ლიტერატურას, საზოგადოებრივ ფასეულობებს, ურთიერთობის კულტურას. ქრისტიანობით შთაგონებული ღირებულებები: შემწყნარებლობა, დათმობა, მიტევება, ადამიანის უფლებების პატივისცემა ის საფუძველია, რომელზეც დგას ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო. ქრისტიანულმა თვისებებმა გადაარჩინა საქართველო, როგორც სახელმწიფო, და მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, თავისუფლებამდე. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მართლმადიდებლური ქრისტიანობის მქონე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ეს გარემოება შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული ერთგულების ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის, არამედ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა ამ რწმენის შესაბამისი ქმედებით უნდა გამოიხატოს“, - განაცხადა კობახიძემ.

მანვე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და როგორც აღნიშნა, „მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ცდილობენ, ძალით წაგართვან საუკუნეების განმავლობაში გადარჩენილი მიწა-წყალი.

„მეტიც - ოკუპირებულ მიწებზე კლავენ და იტაცებენ ადამიანებს, ბავშვებს ართმევენ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებას, ინგრევა ეკლესიები და სახლები, მიზანმიმართლად იშლება ქართული კულტურის, ქრისტიანული კულტურის კვალი. ყოველივე ამას ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან არაფერი აქვს საერთო. ძალადობით საქართველოს დაჩოქება არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენი ხალხი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდება ყველას, განსაკუთრებით მართლმადიდებლებს, რაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ხალხები აგრძელებენ ერთმანეთის პატივისცემასა და ერთმანეთთან თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კეთილმოსურნე ურთიერთობებიც აღდგება. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ქრისტიანული მორალი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად წარმატებული იქნება. დღეს ქართველი ხალხის ძალისხმევა მიმართულია თავისუფლების განმტკიცებისკენ, ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისკენ და ღირსეული, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების გაძლიერებისკენ. ამ ბრძოლაში ჩვენი მეგობრების იმედი გვაქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც ქრისტიანულ ღირებულებებს იზიარებენ და საქართველოს მისწრაფებებს პატივს სცემენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ის შეეხო საკონსტიტუციო რეფორმასაც და აღნიშნა, რომ გასულ წელს რეფორმის შედეგად საქართველომ მიიღო საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებული კონსტიტუცია.

„სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა კონსტიტუციურ დონეზე გაიწერა და მაღალ დონეზე ავიდა. საკონსტიტუციო ცვლილებებით, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განტმკიცებაზე, იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. დღეს, როდესაც მსოფლიოში ძალიან ძლიერია პოლიტიკური პოლარიზაცია და დაპირისპირება, მხოლოდ პარლამენტარებს, ხალხის რჩეულებს შეუძლიათ, დაძლიონ სახელმწიფოებს შორის და ქვეყნებს შიგნით არსებული წინააღმდეგობები, დააახლოვონ პოზიციები და მიაღწიონ ურთიერთგაგებასა და მშვიდობას. ვთვლი, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ამ საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო რელიგია და კულტურული ტრადიციები, ხოლო ჩვენ, პარლამენტარებს გვაერთიანებს ხალხის მიერ მოცემული მანდატი და მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს არის კარგი საფუძველი წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას იმის შესახებ მსჯელობისკენ მოუწოდა, თუ როგორ შეიძლება პარლამენტთაშორის თანამშრომლობამ აღკვეთოს ქვეყნებს შორის აგრესია, სხვისი ტერიტორიების ოკუპაცია, მიწებისა და მოსახლეობის ანექსია და ამით პარლამენტარებმა ხელი შეუწყონ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ხალხებს შორის.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს